ფეხბურთი

19:44 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი განუგრავა: "გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთელი და ფეხბურთი არაფერია”

WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას “ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან”, დღეს ჩვენი სტუმარი საჩხერის “ჩიხურას” 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი განუგრავა გახლავთ.

გიორგიმ საფეხბურთო კარიერა მცირე ასაკში დაიწყო და ბავშვობის წლები საფეხბურთო კლუბ “ავაზაში” გაატარა, ამის შემდეგ იყო “ამერი” და დაიწყო ნაბიჯები დიდ ფეხბურთში. ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ძალიან გრძელი და ძნელი გზა განვლო და ამბობს, რომ ფეხბურთელობა ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.

ასევე შეეხო 2 დღეში გასამართ ევროპა ლიგის შესარჩევ მატჩს “ალტახის” წინააღმდეგ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები 50/50-ზე შეაფასა.

მატჩი, რომელიც არასოდეს დაავიწყდება, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაა. სინანულით იხსენებს წლებს, რომელიც ეროვნული ნაკრების მიღმა გაატარა და ამბობს, რომ იღბალმა ზურგი აქცია.

საინტერესო და თან უცნაური პასუხი გაგვცა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულთან დაკავშირებით, რომელშიც მხოლოდ 1 ფეხბურთელით შემოიფარგლა – მესი.

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს...

-გზა წარსულიდან აწმყომდე...

- საფეხბურთო კარიერა “ავაზაში” დავიწყე, სადაც ბავშობის წლები გავატარე. შემდეგ მოვხვდი “ამერში” და სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი დიდი ნაბიჯები, დიდ ფეხბურთში. საკმაოდ რთული და გრძელი გზა გავიარე და ამის მოსაყოლად შესაძლოა მთელი დღე დაგვჭირდეს.

- ის რაც ჩვენმა მკითხველმა თქვენს შესახებ არ იცის...

- შესაძლოა არამარტო მკითხველმა, უბრალო გულშემატკივარმაც არ იცოდეს ჩვენს ზურგს უკან რაოდენ დიდი ტკივილია. რამდენი შრომა და რამდენი თეთრად გათენებული ღამე გამომივლია ტკივილისგან, თუმცა ეს ჩვენი პროფესიაა და ამის მოთმენა სავალდებულოა. საერთოდ წუწუნი არ მჩვევია. მიხარია, რომ დღეს აქტიურ სპორტში ვარ და ჩემი წვლილი შემაქვს ქართულ ფეხბურთში.

- 17 წლის ასაკში მოირგეთ ეროვნული ნაკრების მაისური, თუმცა 2011 წლის შემდგომ იყო დიდი პაუზა. 2017 წელს კვლავ გამოჩნდით. რამ განაპირობა ეს და რას ელით მომავალში?

- ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც დიდ ფეხბურთში შეაბიჯებ და იქ უნდა დაიმკვიდრო ადგილი. ზოგის შემთხვევაში ეს ადვილად ხდება. ვფიქრობ, რომ თავი არ დამიზოგავს, მაგრამ იღბალმა ზურგი მაქცია. დაიწყო ტრავმების და იმ მძიმე დღეების პერიოდი, რომელზეც წინა შეკითხვის დროს გიამბეთ.

რაც შეეხება 2017 წელს ჩემს ნაკრებში დაბრუნებას, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს სიმბოლური იყო. სეზონი საკმაოდ სტაბილურად ჩავატარე და ვაისის ყურადღებაც ამან გამოიწვია. მომავალს იმედიანად ვუყურებ “ჩიხურასთან” ერთად. წინ მძიმე თამაშები გველის და მომავალიც ამ თამაშებს უკავშირდება.

- არაერთ უცხოურ თუ ქართულ კლუბებში გითამაშიათ, როგორი დამოკიდებულება გაქვს ყოფილი გუნდების მიმართ და თუ შეგიძლიათ, რომ შეადაროთ ერთმანეთს?

- დიახ ბევრი გუნდი გამოვიცვალე და ყველა ყოფილ გუნდზე ჩემი აზრი და დამოკიდებულება გამაჩნია. პირველ ყოვლისა, მათ პატივს ვცემ და ვგულშემატკივრობ. ყველა მათგანს ცივილურად დავშორდი. მათი ძალიან მადლიერი ვარ. შედარებაც შეიძლება. ვფიქრობ, ევროპაში თამაში ერთი თავით მაღლა დგას საქართველოში თამაშთან შედარებით.

- ევროპა ლიგის შესარჩევზეც გკითხავთ... ცნობილია თქვენი მეტოქე, რომელსაც ორ დღეში უმასპინძლებთ. როგორ შეაფასებთ შანსებს?

- საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს. თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები 50/50-ზეა.

- კენჭისყრამდე ცნობილი იყო 5 სავარაუდო მეტოქე. საინტერესოა მათგან რომელი იყო თქვენთვის უფრო სასურველი?

- პირადად ჩემთვის “ქაირათი” და “ლევსკი” არასასურველი მეტოქეები იყვნენ. აი დანარჩენ გუნდებთან კი შეიძლება წარმატებაზე ფიქრი.

- როგორი მდგომარეობაა გუნდში და რამდენად მომზადებული ხვდებით ევროტურნირს? რა არის სეზონის მთავარი მიზანი?

- ამ ეტაპზე საბრძოლო განწყობაა. ჩემპიონატით თუ ვიმსჯელებთ, ოპტიმალურ ფორმას ვერ ვიტყოდი, თუმცა ამ კონკრეტული თამაშისთვის ყველა მზადაა და წარმატების იმედი გვაქვს. რაც შეეხება მიზანს, წინა სეზონში ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ჩემპიონობამდე. წელს ცუდი სტარტის მიუხედავად მიზნები არ იცვლება. გვსურს, რომ წინა რიგებში ვიყოთ. ეს გუნდის და ჩვენი სურვილია.

- კითხვაზე, რომელსაც ახლა დაგისვამთ გარკვეული პასუხი უკვე მივიღე, თუმცა კიდევ გკითხავთ. მე-5 პოზიციაზე ხართ. ეს გუნდის მაქსიმალური შედეგია, თუ მეტიც შეიძლებოდა?

- ეს ჩვენთვის კატასტროფული შედეგია, თუმცა ფეხბურთი შეცდომებს არ გპატიობს. ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელია. წინ ბევრი თამაშია და შეცდომებს გამოვასწორებთ.

- რას იტყვით ჩემპიონატის დონეზე?

- ვფიქრობ დაეტყო ჩემპიონატს დონის მომატება. თითქმის ყველა თამაში დაძაბულია და თითოეულ ქულას დიდი ფასი აქვს. ვისურვებდი, რომ მოედნების პრობლემა მოგვარდეს და უფრო ბევრი სანახაობრივი თამაში იქნება.

- პრინციპული მეტოქე...

რა თქმა უნდა “დინამო”, რომლის წინააღმდეგაც ყველაფერი გავიწყდება და ყველაფერს აკეთებ გამარჯვებისთვის.

- ოცნების გუნდი...

- ევროპაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი, თუმცა კონკრეტულად ამაზე არ მიფიქრია.

- საფეხბურთო ოცნება, რომელიც ვერ აისრულეთ...

- ყველა ეტაპზე მაქვს პატარ-პატარა ოცნებები. ჩემს კარიერას რომ გადავხედო, მთავარი ოცნება ჯერ კიდევ აუხდენელია, თუმცა არც ისეთი აუხდენელი.

- მატჩი, რომელიც არ დაგავიწყდება...

- ეროვნულ ნაკრებში, საბერძნეთის და დანიის წინააღმდეგ.

- ვის კარში გატანილი გოლი მოგანიჭებდათ ყველაზე დიდ ბედნიერებას?

- თუ “ბარსელონაში” ვიქნებოდი, “ბაიერნის” კარში გატანილი გოლი.

- ფეხბურთელი, რომელმაც ეს სპორტი შეგაყვარათ...

- კონკრეტული ფეხბურთელი არ ყოფილა, ვინც ფეხბურთელობა გადამაწყვეტინა, თუმცა ბავშვობაში ჩემი კუმირი დავიდ ბექჰემი იყო, ვისთვისაც მინდოდა მიმებაძა, თუმცა არაფერი გამომივიდა. (იცინის)

- რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?

- გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ თქვენს გარეშე ფეხბურთელი და ფეხბურთი არაფერია. მათ გარეშე ამ სპორტის დონე ვერ გაიზრდება. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფეხბურთის განვითარებაში.

- საინტერესოა როგორ გამოიყურება თქვენი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული?

- წინ მესი, უკან მესი. მეტი არ მჭირდება. (იცინის)

0.113895