რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა.
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, რომელიც აზერბაიჯანს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. ამჯერად ბელა ხოტენაშვილი ისვენებდა. თავიანთი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა კი ყაიმით დაასრულეს. ამრიგად, საქართველოს შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და ინდოეთთან და პოლონეთთან ერთად 4-6 ადგილებს ინაწილებს.
სამწუხაროდ, საქართველომ პირველ ადგილზე გასვლისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა რადგან, ამ ტურის დასრულების შემდეგ რუსეთმა პოლონეთს მოუგო, 12 ქულა დააგროვა და საქართველოს ნაკრებისაგან მიუწვდომელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კიდევ აქვს შანსი რუსეთს დაეწიოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ გადაასწრებს, რადგან ჩემპიონატის მასპინძლებთან დიდი ანგარიშით აქვს წაგებული და ამის გამო უარესი მაჩვენებელი აქვს.
მორიგ, ბოლოსწინა მერვე ტურში, საქართველოს მეტოქე უკრაინა იქნება, რომელსაც 12 ქულა აქვს და რუსეთთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მეორე ადგილზე მყოფმა ჩინეთმა ერთპიროვნულ ლიდერ რუსეთს მოუგო და სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს.
მე-7 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
აზერბაიჯანი - საქართველო - 1:3
ზეინაბ მამედიაროვა (2289) - ნანა ძაგნიძე (2533)-0:1
გიუნაი მამედზადე(2368) - ლელა ჯავახიშვილი(2447)-0.5:0.5
გიულნარ მამედოვა(2362) -ნინო ბაციაშვილი(2469)-0.5:0.5
იულვია ფატალიევა(2341) - სალომე მელია (2393)-0:1
რუსეთი - პოლონეთი - 3.5:0.5
ჩინეთი - ინდოეთი - 2.0:2.0
ვიეტნამი - აშშ - 2.0:2.0
ეგვიპტე - უკრაინა - 1.5:2.5
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:
1-2.უკრაინა, რუსეთი-12-12 ქულა
3.ჩინეთი - 9
4-6.საქართველო, ინდოეთი, პოლონეთი-8-8
7.ვიეტნამი - 5
8-9.აზერბაიჯანი, აშშ-4-4
10.ეგვიპტე-0
მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი:
უკრაინა - საქართველო
აშშ - აზერბაიჯანი
ინდოეთი- ვიეტნამი
პოლონეთი-ჩინეთი
ეგვიპტე - რუსეთი