მსოფლიოს ნომერ მეხუთე ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ჰალეში ბალახის საფარზე მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა. შვეიცარიელმა ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი 6:4, 7:6 დაამარცხა. 35 წლის ჩოგბურთელი მეთერთმეტედ გავიდა აღნიშნული ტურნირის ფინალში და მეცხრედ შეეცდება ტიტულის მოპოვებას.
ჰალეში როჯერმა 58-ე მატჩი მოიგო და სულ ჯამში 6 შეხვედრა აქვს წაგებული. მიმდინარე წელს კი ყველა ტურნირზე ფედერერმა 23-ჯერ იმარჯვა და გულშემატკივრებს იმედი 2-ჯერ გაუცრუა. ასევე, შვეიცარიელმა 2017 წელს 6 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ფინალის საგზური მეოთხედ მოიპოვა.
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდას ფინალში უხერხული მეტოქე ეყოლება ალექსანდრ ზვერევის სახით. გერმანელმა ნახევარფინალში რიშარ გასკე 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა. მერვედფინალში როჯერმა მიშა ზვერევს სძლია და ახლა მის ძმას დაუპირისპირდება. ზვერევი ფედერერს სამჯერ შეხვდა და 2:1-ს უგებს. გასულ წელს ზუსტად ალექსანდრმა როჯერი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა და ახალგაზრდა მოთამაშე კიდევ ერთხელ შეეცდება შვეიცარიელი დაჯაბნოს. ზვერევის და ფედერერის დაპირისპირება 25 ივნისს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.