ფეხბურთი

16:41 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დათუნაიშვილი: “მაქსიმუმი, ალბათ, ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრა იქნება”
"აუხდენელი ოცნება ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშია"

WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას “ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან” და დღეს ჩვენი სტუმარი “სამტრედიას” კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილი გახლავთ.

დათუნაიშვილმა ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში “ვაკე 91-ში” დაიწყო. შემდეგ იყო “ვიტ ჯორჯია” და უკვე 13 წელია, გიორგი უმაღლეს ლიგაში თამაშობს. საფეხბურთო ოცნება, რომელიც ვერ აისრულა, ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა. გიორგის გულშემატკივრებთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს და გვითხრა, ქომაგს თავი რომ შეაყვარო და მისი გული მოიგო, მთავარია, მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოო.

შეაფასა შანსები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ყარაბაღის” წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ შარშანდელი გუნდით ბევრად მეტის გაკეთება შეეძლოთ, თუმცა, ბოლომდე დაიხარჯებიან, რათა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ.

- გიორგი, როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა და რამდენად ადვილი თუ რთული იყო აქამდე მოსვლა?

- მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული გზა გამოვიარე. 6 წლის ვიყავი, როდესაც “ვაკე 91-ში” მიმიყვანა მამაჩემმა, ვისი დიდი დამსახურებაა, დღეს რომ ფეხბურთელი ვარ. შემდეგ იყო პირველი პროფესიონალური გუნდი “ვიტ ჯორჯია” და უკვე 13 წელია, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ.

- “ვიტ ჯორჯია”, “ტორპედო”, “ჩიხურა” და “სამტრედია”... როგორ გაიხსენებდით ამ გუნდებს, რომ შეადაროთ ერთმანეთს?

- ძალიან გამიჭირდება იმ კლუბების შედარება, რომლებშიც მითამაშია. ყველა გუნდს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში, ყველა გუნდში თითოეულ თამაშში ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა მისი ღირსება დამეცვა. მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო “ვიტ ჯორჯია”, სადაც ავიდგი ფეხი, როგორც ფეხბურთელმა, და განსაკუთრებული 7 წელიწადი გავატარე.

- გულშემატკივრებთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა გაქვთ. ასეა “სამტრედიაში” და ასე იყო იმ გუნდებშიც, სადაც გითამაშიათ. რა არის ის უხილავი ძაფი, რომელიც თქვენ შორის არსებობს?

- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, გულშემატკივრები ხედავენ, ალბათ, იმ შრომას, რასაც მე თითოეულ თამაშში ვდებ. შეიძლება, ვერ ვიფრინო მოედანზე, მაგრამ მთელი გულით ვიხარჯები, და ეს მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ. ნეტავ, ისეთი გულშემატკივარი იყოს თბილისშიც, როგორიც რეგიონებშია, ამით მხოლოდ ქართული ფეხბურთი მოიგებდა.

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ყარაბაღს” ხვდებით. როგორია შანსი შემდეგ ეტაპზე გასვლისა?

- “ყარაბაღი” ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენს ბიუჯეტებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და რა თქმა უნდა, შანსი მცირეა. თუმცა, ადვილად არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.

- წილისყრამდე ცნობილი იყო 5 სავარაუდო მეტოქე. საინტერესოა, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე მისაღები?

- ისეთი ხუთეული იყო, რომ ვერ ვიტყვი, რომელ გუნდთან ჯობდა შეხვედრა. ჩემი აზრით, ყველა ერთი დონის იყო და ერთი მეორეზე ძლიერი.

- შარშანაც აზერბაიჯანულ გუნდთან მოგიწიათ თამაშმა. როგორ ფიქრობთ, მაშინ უფრო მეტის მიღწევა შეგეძლოთ თუ ახლა?

- ჩემი აზრით, შარშან ბევრად ძლიერი გუნდი ვიყავით და ის გუნდი რომ შენარჩუნებულიყო, წელს ბევრად ძლიერები ვიქნებოდით, ვიდრე შარშან. ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, რაც ჩვენს კლუბს არ გააჩნია, და არა მარტო ჩვენს კლუბს, საერთოდ, ქართულ ფეხბურთს. მარტო “ყარაბაღს” აქვს ორჯერ მეტი ბიუჯეტი, ვიდრე სფფ-ს.

- როგორი მდგომარეობაა “სამტრედიაში”, რა არის გუნდის მიზანი ევროსარბიელზე?

- ახლა გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა. ბოლო ორი თამაში მოვიგეთ და ჩემპიონატში მესამე ადგილი განვიმტკიცეთ. ამჟამად კი, ვიწყებთ მზადებას “ყარაბაღისთვის” და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

- ეროვნულ ლიგაში “სამტრედიას” მიზანი და მთავარი კონკურენტები?

- ეროვნულ ლიგაში დასახულ მიზანს რაც შეეხება, ეს ევროზონაში მოხვედრაა. ვფიქრობ, რომ მთავარი ბრძოლები გაიმართება “ჩიხურასთან” და “ლოკომოტივთან”.

- რას იტყვით ეროვნული ლიგის დონეზე?

- რბილად რომ ვთქვა, არაა ჩვენი ჩემპიონატი სასურველ დონეზე. მაგრამ წელს იგრძნობა უკეთესობისკენ სვლა. დაძაბულობამ იმატა, მეტი გაშუქებაა და მეტი რეკლამა. ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს.

- “სამტრედია” მესამე ადგილზეა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ეს კარგი შედეგი არაა. შეგეძლოთ პირველ ეტაპზე უკეთ თამაში?

- შარშან ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი და ჩემი აზრით, ლოგიკური იყო ჩვენი არასტაბილური გამოსვლა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მესამე ადგილზე ვიმყოფებით და რომ არა რამდენიმე უიღბლო მატჩი, შეიძლება უფრო მაღალ პოზიციაზეც ვყოფილიყავით, რაც ნამდვილად გმირობის ტოლფასი იქნებოდა. მართალია, ბევრი ამას ვერ ხედავს და უმადურია, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ზოგადად ასეთია...

- ყველაზე პრინციპული მეტოქე?

- ალბათ არ ვიქნები გამონაკლისი და ვიტყვი, რომ თბილისის “დინამო” – ამ კლუბთან თამაშს ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები.

- ამ სეზონში გუნდისთვის მაქსიმუმი რა იქნება?

- მაქსიმუმი, ალბათ, ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლა იქნება.

- ოცნების გუნდი, სადაც ითამაშებდით?

- “იუვენტუსი”.

- რომელი გუნდის კარში გატანილი გოლი გაგახარებდათ ყველაზე მეტად?

- ალბათ, “რეალის” კარში გატანილი გოლი (იცინის).

- საფეხბურთო ოცნება, რომელიც ვერ აისრულეთ...

- ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში.

- მატჩი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

- ბევრი მატჩია ისეთი, რომელიც არ დამავიწყდება. მაგრამ გამოვყოფ “ბურსასთან” მატჩებს. ალბათ, ასეთი დონის კლუბი ქართულ გუნდებს არ გამოუგდიათ და ეს იყო რაღაც სასწაული.

- თქვენეული ყველა დროის სიმბოლური გუნდი?

- ბუფონი, კაფუ, ბეკენბაუერი, კანავარო, მალდინი, ზიდანი, მესი, მარადონა, პირლო, კრუიფი და ბრაზილიელი რონალდო.

სამტრედია   2 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 2    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 2    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.226402