თბილისის „დინამოს“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას დანიურ „რანდერსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ სკანდინავიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 22 წლის ქართველმა შემტევმა ახალ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ WORLDSPORT.GE ორიოდ დღის წინაც გამცნობდათ, თუმცა ტრანსფერი დანიურმა მხარემ ახლახან დაადასტურა.
„ჩვენ მისგან ბევრს ველით და ერთი სული გვაქვს ვიხილოთ სუპერლიგაში. ლობჟანიძეს აქვს შემოქმედების უნარი, რაც ჩვენს თამაშს ძალიან აკლია. ასევე არის სწრაფი მოთამაშე და დაამტკიცა, რომ გოლების გატანა შეუძლია. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის, მაგრამ მას უკვე შეუძლია შემოიტანოს განსხვავებული სტილი გუნდში“, - თქვა „რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ გრავგაარდმა.
საბა ლობჟანიძემ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ხოლო მანამდე, გარდამავალ ჩემპიონატში „ჩიხურას“ მაისურით 11 შეხვედრაში 10 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
რაც შეეხება „რანდერსს“ - გასული სეზონი 33 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა და გავარდნის საფრთხე არ დამუქრებია. გუნდის შემადგენლობაში ძირითადად დანიელი ფეხბურთელები სჭარბობენ, თუმცა არიან ლეგიონერები შვედეთიდან, სერბეთიდან, გერმანიიდან კოსტა რიკიდან, ფინეთიდან და ისლანდიიდან. სხვათა შორის, გამორჩეული ფიგურა სწორედ ისლანდიელია - მეკარე ჰანეს ჰალდორსონი, რომელმაც ერთი წლის წინ ევრო 2016-ზე დიდებულად ითამაშა და გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა.