ფეხბურთი

23:08 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ლიდერობა ლამაზი მოგებით განიმტკიცა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი, ქართული „ელ კლასიკო“, თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქურმა გუნდმა ქუთაისის „ტორპედოს“ დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში გამოგლიჯა სამი ქულა და მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ლიდერის პოზიციაზე კომფორტულად დაასრულა.

არადა, შეხვედრას ორი სურათი ჰქონდა: პირველი ტაიმი არცთუ კარგი სანახავი გამოდგა და ერთადერთი საინტერესო ეპიზოდი გოლით დასრულდა - ესეც არ იქნებოდა, რომ არა „დინამოს“ კარის დარაჯის, ლიტოვჩენკოს უყურადღებო და ცუდი თამაში. ბურთი გამოსვლილას ხელში ვერ შეიმაგრა, ხოლო გრიგოლ დოლიძე იქვე იყო ჩასაფრებული. დოლიძე ბოლო დროს გადასარევ ფორმაშია და ბუნებრივია ამ საჩუქარის შერგება არ გასჭირვებია, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 0:1. ეს ტაიმის ბოლოს მოხდა და შეიძლება ითქვას, ქუთათურებმა მასპინძლებს გოლი გასახდელში გაატანეს.

აი, მეორე ნახევარი კი, სრულიად განსხვავებული გამოდგა - „დინამოს“ რიგებში მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოვიდა და კახა კაჭარავას გუნდის თამაშიც დალაგდა. ანგარიში მალევე გათანაბრდა: ჩაკვეტაძემ აუტი მოაწოდა და იქვე მყოფ საბა ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელსაც ბევრი არ უფიქრია და კარგი პოზიციაში მყოფი გიორგი პაპუნაშვილი შენიშნა. მანაც, საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა - 1:1. სხვათა შორის, პაპუნაშვილი „დინამოს“ რიგებში ბოლო მატჩს ატარებდა და გატანილი გოლი ემოციურადაც აღნიშნა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი საერთოდაც უფრო მაღალ დონეზე ჩაატარეს და უნდა აღვნიშნოთ, რომ დამსახურებულად შეძლეს 3 ქულის მოპოვება. გამარჯვების გოლი კი, საბა ლობჟანიძის კუთხურს მოჰყვა, დავით ხურციძემ ავტოგოლი მიითვალა... ეს გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა.

ისე კი, „დინამოს“ ბევრჯერ შეეძლო გატანა, ლობჟანიძის დიდებული დრიბლინგის მერე მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან, პაპუნაშვილმა ძელს გაარტყა, ხოლო მიქელთაძის დარტყმული საოცრად ჯერ როინ კვასხვაძემ მოიგერია, მერე კი, ხარიხას მოხვდა. საპასუხოდ „ტორპედომ“ ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა: თორნიკე კაპანაძემ თავით დაარტყა, მაგრამ ლიტოვჩენკომ აუღო.

საბოლოოდ, „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში „ტორპედოსთან“ უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. წინ კი, კახა ჩხეტიანის გუნდს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და სლოვაკური „ტრენჩინი“ ელოდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, იგი ზუსტად ერთი თვის თავზე, 22 ივლისს განახლდება.

„დინამო“ (თბ) – „ტორპედო“ 2:1 (0:1) VIDEO

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 5 000

„დინამო“ (თბ) (4-2-3-1): ლიტოვჩენკო; მიშენკო, სალუქვაძე, გველესიანი, თოთაძე; კუცია (ჩაკვეტაძე 46), ქარდავა; პაპუნაშვილი (თევზაძე 90), არაბული, ლობჟანიძე; მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

„ტორპედო“ (4-3-3): კვასხვაძე; ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე; ბაბუნაშვილი (ხურციძე 64), კუხიანიძე (კუჭუხიძე 72), გიგაური; დოლიძე, კაპანაძე, ტუღუში (საღრიშვილი 86)

მწვრთნელი: კახა ჩეხეტიანი

გოლები: 0:1 დოლიძე (43), 1:1 პაპუნაშვილი (51), 2:1 ხურციძე (66, ა.გ)

გაფრთხილება: პაპუნაშვილი (51), ჩაკვეტაძე (64) - ტუღუში (39)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.190807