გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი "საბურთალო" ქობულეთში "შუქურასთან" აგებდა და თან ათი კაცით დარჩა ელვინ ტერას გაძევების გამო, მაგრამ ათი კაცით მოახერხა ორი გოლის გატანა.
"შუქურა" გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ დააწინაურა თავური დარტყმით. კუტალიამ ლევან საბაძის ჩაწოდების შემდეგ გახსნა ანგარიში და პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს.
ტერა 50-ე წუთზე გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. მალევე, კუტალიამ მეორე ბურთი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. "შუქურას" ნახევარმცველ ჯეფინიოს თავად უნდა დაერტყა, კუტალიასთვის პასი აღარ იყო საჭირო. და ამ მომენტიდან მალევე, ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავურით გაათანაბრა - 1:1.
"საბურთალომ" ბოლო 25 წუთი გაცილებით კარგად ჩაატარა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. თბილისელთა ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა მშვენივრად შეასრულა საჯარიმო, ტექნიკური დარტყმით ჩაახვია კარში - 1:2.
"საბურთალომ" სეზონის პირველი ნახევარი მეექვსე ადგილზე დაასრულა, "შუქურა" კი, როგორც იცით, აუტსაიდერია და მხოლოდ 7 ქულა აქვს.
შუქურა - საბურთალო 1:2 (1:0)
შუქურა: მელნიჩენკო, კალანდაძე, პომაზანი, ჩაჩუა, ჯაფარიძე, საბაძე (არქანია 46), კლიმიაშვილი, ჯეფინიო, კახელიშვილი (მამულაშვილი 85), კუტალია, ა.გურული (შალამბერიძე 70)
საბურთალო: კუპატაძე, თედო გრიგალაშვილი, ტერა, ცნობილაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ჩაბრაძე (მალი 77), ბიძინაშვილი (არზიანი 52), იმნაძე (გვარაძე 62), შინდაგორიძე
გოლები: 1:0 კუტალია (34), 1:1 მამუჩაშვილი (64), 1:2 ხარაიშვილი (84)
გაფრთხილება: კახელიშვილი, კუტალია, ჩაჩუა, ჯეფინიო - ტერა, ტერა, სოფრომაძე
გაძევება: ტერა (50)
მსაჯი: მაჭარაძე