რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:0 სძლია საჩხერის "ჩიხურას" და სეზონის პირველი ნახევარი მეოთხე ადგილზე დაასრულა. შედეგი და მითუმეტეს ანგარიში მოულოდნელია, რადგან ბოლო ტურებს თუ გადავხედავთ, სოსო ფრუიძის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო თბილისელებს ქულების დაგროვება უჭირდათ.
პირველ წრეში "ლოკომ" 5:0 მოუგო "ჩიხურას", ამჯერად კი 3:0. თავად განსაჯეთ, თუ რამხელა უპირატესობაა.
გოლებს რაც შეეხება, პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ და დაამრგვალა - 15 გოლი აქვს აქტივში. სიხარულიძემ ორივე ბურთი ვატო არველაძის პასით გაიტანა და ორივეჯერ მარჯვენა ფლანგიდან განხორციელდა შეტევა. ირაკლი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.
მესამე გოლი კი "ჩიხურას" ყოფილმა ლიდერმა გიორგი რეხვიაშვილმა მიითვალა. გიორგი დიასამიძის კუთხურს შეაგება თავური - 0:3.
და კიდევ, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა "ლოკოს" 18 წლის ნახევარმცველ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს. სხვათა შორის, მშვენივრად ჩაერთო მატჩში და ერთ წუთში დიასამიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. დიასამიძემ შანსი ვერ გამოიყენა.
ჩიხურა (საჩხერე) - ლოკომოტივი (თბილისი) 0:3 (0:2)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაშია, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (განუგრავა 71), ჭელიძე, გორგიაშვილი (ფონიავა 46), დეკანოიძე (სარდალიშვილი 46), კორიფაძე, ტატანაშვილი
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (ჩიტეიშვილი 26), ჭანტურია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი, კიკნაძე (ანდრონიკაშვილი 77), არველაძე (ბუღრიძე 66), დიასამიძე, სიხარულიძე
გოლები: 0:1 სიხარულიძე (18), 0:2 სიხარულიძე (43), 0:3 რეხვიაშვილი (50)
გაფრთხილება: დეკანოიძე, ტატანაშვილი - სამურკასოვი
მსაჯი: ხორავა