სხვა

16:46 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112331