საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არნემის „ვიტესს“ ისევ დატოვებს. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად მისი მომდევნო ნავსაყუდელი ევროპაში არ იქნება - არამედ, ამერიკული MLS და კერძოდ, „სან ხოსე“.
აღნიშნულის შესახებ ჰოლანდიური მედია აქტიურად წერს. როგორც ირკვევა, „ვიტესს“ ყაზაიშვილის დაბრუნება არ სურს, კონტრაქტი კი, მას არნემელებთან 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამასობაში, „სან ხოსე“ გამოჩნდა ჰორიზონტზე და მზადაა ფეხბურთელი გადაიბიროს.
„სან ხოსე“ MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში დასავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა - 16 შეხვედრაში 20 ქულა აქვს და საპლეი-ოფო ადგილს იკავებს. მის შემადგენლობაშ კი, ბევრი ამერიკული გუნდისგან განსხვავებით ევროპაში ცნობად სახეებს ვერ აღმოაჩენთ.
რაც შეეხება ყაზაიშვილს - ვაკომ გასული სეზონი იჯარით „ლეგიაში“ გაატარა, პოლონეთის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ამაში დიდი წვლილი არ შეუტანია. გუნდს ვერ მოერგო და მწირი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.