ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვეტერანებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. მერაბ ქვარიანი (81 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ.
მერაბ ქვარიანმა ფინალის გზაზე იტალიელები ვიტო კოსტანცა და მასიმო პანიკო და უკრაინელი ვასილ ტოხტამიში იპონ-იპონ ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ერთი იუკოთი დამარცხდა რუს დიმიტრი ელაგინთან.
ალექსი დავითაშვილმა ოქროს მედლის მოპოვების შანსი აზერბაიჯანელ ზაურ ბაგიროვთან სუფთად წაგებით დაკარგა. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი მეტოქე დაამარცხა იპონით: იტალიელი კარლო სკონამილიო, თურქი ოზგურ ილმაზი და უკრაინელი რუსლან ბარკარი.
ქვარიანისა და დავითაშვილის გარდა, ევროკონკურენციაში კიდევ ორი ქართველი ვეტერანი ჩაერთო. კახა ფეიქრიშვილი (100 კგ) რეპეშაჟის ფინალამდე მივიდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ავთანდილ თოდრიამ კი მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.