ფეხბურთი

0:59 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩილემ კამერუნი ბოლოში გატეხა (+VIDEO)

ფიფას კონფედერაციათა თასი გამარჯვებით დიაწყო ჩილეს ნაკრებმა. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონმა აფრიკის საუკეთესო ნაკრები, კამერუნი დატოვა უშანსოდ. თუმცა, დიდი სათამაშო უპირატესობისა, ჩილეს 3 ქულა ადვილად სულაც არ მოუპოვებია და აფრიკელების წინააღმდეგობა მხოლოდ ბოლო წუთებში დაძლია.

ალექსის სანჩესი ძირითადში ვერ მოხვდა, რადგან მცირე ტრავმა აწუხებდა, ხოლო ლიდერის გარეშე ჩილეს შეტევები ისეთი მწვავე არ იყო, როგორც მისგან ვართ დაჩვეულნი. მიუხედავად ამისა, ხუან ანტონიო პიცის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნა, მაგრამ ონდოა დამაჯერებლად ირჯებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, არტურო ვიდალის გადაცემის შედეგად ვარგასმა გაიტანა კიდეც, დამირ სკომინამ გოლი ჩათვალა, მაგრამ საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერია და გოლი თამაშგარის გამო სამართლიანად გაუქმდა. აქვე გეტყვით, რომ იგივე დღის პირველ მატჩშიც მოხდა.

მეორე ტაიმში მოედანზე სანჩესიც გამოჩნდა, ხოლო ჩილემ ზეწოლა გააძლიერა. საბოლოოდ, სწორედ ალექსისის პასის შედეგად გაიტანა არტურო ვიდალმა. ეს 82-ე წუთზე მოხდა და ნათელი იყო, რომ დარჩენილ დროში კამერუნის ნაკრებს სიტუაციის გამოსასწორებლად ძალა არ ჰქონდა. მსაჯის კომპესირებულ დროში სანჩესი დარჩა ონდოასთან პირისპირ, მოატყუა კიდეც, მაგრამ ცარიელ კარში მცველს მოარტყა ბურთი, დამატებაზე იქვე გაჩნდა ედუარდო ვარგასი და სხვაობა გაზარდა. სხვათა შორის, გოლი იყო თუ არა, ამის გასარკვევად ისევ ვიდეო რეფერის გამოყენება გახდა საჭირო - საბოლოოდ, გოლი ჩაითვალა და ჩილემ 2:0 გაიმარჯვა.

B ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. სოჭში, გერმანია ავსტრალიას დაუპირისპირდება.

კამერუნი - ჩილე 0:2 (0:0) VIDEO

მოსკოვი, „ატკრიტიე არენა“

მაყურებელი: 33 492

კამერუნი (4-3-3): ონდოა, მაბუკა, ნგადუ-ნგადჯუ, ტეიკუ, ფაი; სიანი (ნგამალუ 86), ანგისა (მანჯეკი 89), ჯუმი; ბასოგოგი, აბუბაკარი, მუკანჯო

მწვრთნელი: უგო ბრუსი

ჩილე (3-5-2): ერერა; ბოსეჟური, მედელი, ხარა; ისლა, არანგიზი (სილვა 71), დიასი, ვიდალი, ფუენსალიდა (ვალენსია 64); პუჩი (სანჩესი 58), ვარგასი

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი

გოლები: 0:1 ვიდალი (81), 0:2 ვარგასი (90)

გაფრთხილება: ხარა (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 16 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

0.340794