სანქტ-პეტერბურში, ფიფას კონფედერაციათა თასის 2017 წლის გათამაშება გაიხსნა. ტურნირის პირველ შეხვედრაში თამაშის პატივი რუსეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს ხვდათა წილად. გამარჯვება კი, მასპინძლებს დარჩათ - 2:0.
მთელი 90 წუთის განმავლობაში სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და ერთი შეხედვითაც ჩანდა გუნდებს შორის კლასში სხვაობა. შედეგი კი, რომელიც დაფიქსირდა, სრულიად სამართლიანი იყო, აი, ანგარიში შეიძლებოდა გაცილებით სერიოზულიც ყოფილიყო.
რუსეთის ნაკრებმა თავიდანვე შეუტია და ახალ ზელანდიას ორჯერ მოუწია ცარიელი კარიდან ბურთის გამოტანა. საბოლოოდ, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მასპინძლები გოლს გაიტანდნენ და გაიტანეს კიდეც: სტუმრებმა საკუთარ ნახევარზე დაუდევრად ითამაშეს და პოლოზის დიდებული პასით დენის გლუშაკოვი მეკარესთან პირისპირ დარჩა - „სპარტაკის“ კაპიტანმა შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა ბოქსალმა თავის კარში ჩაჭრა ძელიდან ასხლეტილი ბურთი და კონფედერაციათა თასზე პირველი გოლიც ასე გავიდა.
თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა: რუსეთი უპირატესობას ფლობდა, ახალი ზელანდია კი, ვერ ახერხებდა ხეირიანი შეტევის განხორციელებას. თამაშს წერტილი 69--ე წუთზე „კრასნოდარის“ ფორვარდმა სმოლოვმა დასვა, რომელმაც თავისივე დაწყებული შეტევა დააგვირგვინა, შეაგორა რა, ბურთი ცარიელ კარში - 2:0.
ასე და ამრიგად, A ჯგუფში რუსეთის ნაკრები გალიდერდა, თუმცა ხვალ თავის სადებიუტო მატჩს პორტუგალია და მექსიკა გამართავენ.
რუსეთი - ახალი ზელანდია 2:0 (1:0) VIDEO
სანქტ-პეტერბურგი, „სანქტ-პეტერბურგ არენა“
მაყურებელი: 40 000
რუსეთი (3-5-2): აკინფეევი; ჯიქია, ვასინი, კუდრიაშევი; სამედოვი, გლუშაკოვი, იეროხინი (ტარასოვი 77), გოლოვინი, ჟირკოვი; პოლოზი (ბუხაროვი 64), სმოლოვი (მირანჩუკი 90)
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
ახალი ზელანდია (3-5-2): მარინოვიჩი; სმიტი, დურანტე, ბოქსალი; კოლვეი (პატერსონი 83), ბარბაროსესი (ტუილომა 61), მაკგილნჩი, ტომასი, ვაინი; როხასი (სმელცი 71), ვუდი
მწვრთნელი: ენტონი ჰადსონი
გოლები: 1:0 კოქსალი (31, ა.გ), 2:0 სმოლოვი (69)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 10 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: ვილმარ როდლანი (კოლუმბია)