საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან მოლდოვაში გამარჯვებას ბევრი ელოდა და მოითხოვდა კიდეც. სრულიად საფუძვლიანადაც, როდესაც პრეტენზია დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლაზე გაქვს, მაშინ მოლდოვას ორი თამაშიდან ერთს მაინც უნდა უგებდე. მართალია, სატურნირო თვალსაზრით „ზიმბრუ არენაზე“ გამართული შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტდა, მაგრამ მაინც... და მაინც, მოგებას ვინ ჩივის, ფრე კარგა ხანი სანატრელი გვქონდა.
რამ გამოიწვია ეს შედეგი...
ვლადიმირ ვაისს ტრავმების გამო მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები გამოაკლდა და ამიტომაც, მოლდოვას ცოტა არ იყოს შესუსტებული შემადგენლობით ეწვია. 6 ფეხბურთელის გამოკლება ჩვენნაირი მწირი არჩევანის მქონე გუნდს კი არა, ბარე-ორს დაასუსტებდა. ალბათ, აქედანაც იყო განპირობებული, რომ სლოვაკმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია - მოედანზე 5 მცველი და ორი გამოკვეთილი საყრდენი გამოიყვანა. აკი აღნიშნა კიდეც, თამაშის შემდეგ, პირველ ტაიმში გოლის არგაშვება მთავარი მიზანი გახლდათო.
კი, მაგრამ, რატომ? - რატომ ვუფრთხით თუნდაც გადახალისებული შემადგენლობით ისეთ გუნდს, რომელიც ფიფას რეიტინგში 161(!)-ე ადგილზეა და რომლის შემტევი პოტენციალი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტია?! - საერთოდ, ის, რაც კიშინიოვში ვნახეთ, აქამდეც გვინახავს: საქართველოს ნაკრები ერთ ტაიმს იდეალურთან ახლოს თამაშობს, ხოლო ერთს აგდებს. რატომ? - შესაძლოა, ეს გაგრძელდეს ერთი ან ორი თამაში, მაგრამ შესარჩევი ციკლის 6 მატჩი გავიდა და ყველა შეხვედრაში ერთი და იგივე გრძნობა დაგვეუფლა - უკმარისობა. თითქოს, რაღაც დაგვაკლდა, თითქოს შეგვეძლო, მაგრამ რაღაც დავაკელით.
ძირითადად სუსტად პირველ ტაიმებს ვატარებთ, მეორეში კი, უკვე ფეხბურთის თამაშს ვიწყებთ - რატომ ხდება ასე?! ნუთუ ამ ხნის განმავლობაში სამწვრთნელი შტაბი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს?! ერთ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ არცთუ კარგი ფიზიკური მომზადება და გასაგებია, რომ სანაკრებო შეკრებაზე 3-4 დღის ჩამოსულ ფეხბურთელებს, მწვრთნელები ფიზიკურად ვერ მოამზადებენ. მეორე პრობლემა ალბათ, არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკაა, რაზეც ვაისმაც არაერთხელ ისაუბრა და ესეც არის ერთ-ერთი პრობლემა, თუმცა...
რატომ გვეშინია?!
ავსტრიასთან შეხვედრაში თავიდან მეტოქეს ბურთიც დავუთმეთ და მოედანიც. ამას კი, ჩვენს კარში ორი გოლი მოჰყვა. აი, შემდეგ კი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ბურთი ხელთ იგდო, ბევრად გააზრებული ფეხბურთი ითამაშა. იგივე მოხდა, უელსთან და მოლდოვასთან ბოლო მატჩში. განვლილმა თამაშებმა ერთი რამ კარგად გამოაჩინა: საქართველოს თამაში მაშინ ბევრად უკეთ გამოსდის, როცა ბურთს თავად აკონტროლებს და შეტევების ორგანიზებას გააზრებულად იწყებს. ხოლო, მაშინ, როცა ნაკრების თამაში კონტრშეტევაზეა გათვლილი არაფერი გამოგვდის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უბურთოდ თამაში ძალიან გვიჭირს. ამას მარტივი ახსნაც აქვს - თანამედროვე ფეხბურთში კონტრშეტევის დროს დიდი როლი განაპირა მცველებს აქვთ, მაგრამ ამ მხრივ საქართველოს ნაკრებს რომ არ ულხინს, თვალნათლივ ჩანს და თანაც, დიდი ხანია... და მაინც, შესაძლოა, დაცვითი ფეხბურთი ვარჩიოთ იგივე უელსთან, ირლანდიასთან, მაგრამ რატომ მოლდოვასთან? – 5 მცველს თავი რომ დავანებოთ, აბსოლუტურად გაუგებრად გამოჩნდა ჯაბა კანკავასა და მურთაზ დაუშვილის, ორი თითქმის იდენტური სტილის მოთამაშის ერთად გამწესება. სამაგიეროდ, თადარიგში დარჩნენ იმავე პოზიციაზე, ბევრად „ფანტაზისტა“ ფეხბურთელები: ვაკო გვილია და ნიკა კვეკსვესკირი. ამით კი, ვიზავის ხელ-ფეხი გაეხსნა. საქართველოს ნაკრებს ცენტრში არ ჰყავდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეტევას ორგანიზებას გაუწევდა. ამას დავუტამოთ, სუსტი ფლანგის მცველები და ნათელი იყო, რომ ნიკა კაჭარავას და გიორგი არაბიძის იმედად ბევრი არაფერი გამოვიდოდა. და, სხვათა შორის, ამის წინასწარ განჭვრეტას დიდი გულთმისნობა არ სჭირდებოდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თურმე მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო... კი, მაგრამ, რატომ?! - მოლდოვა ესპანეთია თუ ბრაზილია?!
როდესაც ურემი გადაბრუნდა
საქართველოს ნაკრებისთვის კიშინიოვში გზა მაშინ გამოჩნდა, როდესაც ურემი გადაბრუნდა. ორი გოლის გაშვების შემდეგ იძულებულები გავხდით, შეტევაზე გვეფიქრა და ცხადი გახდა, რომ მოედანზე თამაშის შემქნელი მოთამაშეები გვჭირდებოდა. ასეც მოხდა - კვეკვესკირის, მერებაშვილისა და ყაზაიშვილის თამაშმა მოლდოვაში მარცხისგან გვიხსნა. არადა, ხომ შეიძლებოდა, მათი თავიდანვე გამოყენება და გოლის არგაშვების ნაცვლად, გოლის გატანაზე ფიქრი?..
ასე, დავაგვიანეთ ავსტრიასთანაც და დავისაჯეთ. უბრალოდ, მაშინ მეტოქე ბევრად გამოცდილი იყო და ერთ გოლზე მეტი არ გაგვატანინა, მოლდოვას ნაკრები კლასით ავსტრიას ვერ შეედრებოდა და გავტეხეთ.
ძველ-ახალი სახეები
მას შემდეგ, რაც ნაკრები ვაისმა ჩაიბარა, ვერ ვიტყვით, რომ ვინმე იჩაგრება. სლოვაკი ეტაპობრივად მაქსიმალურად ცდილობს ის ფეხბურთელები ნახოს საქმეში, რომლებიც თავს გამოიჩენენ. საკმარისია ვთქვათ, რომ მის ხელში დებიუტი ჰქონდათ დავით ხოჭოლავას, გიორგი არაბიძეს, ვაკო გვილიას და ჯიმი ტაბიძეს. ნაკრებს კიდევ უფრო გაუშინაურდნენ ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი, ნიკა კაჭარავა. მათ გარდა, ბევრმა ითამაშა ნაკრებში ერთი ან ორი მატჩი და თავიანთი შანსი ყველამ მეტ-ნაკლებად გამოიყენა. მთლიანობაში, ვლადიმირ ვაისს და მის სამწვრთნელო შტაბს სელექციას ვერ დავუწუნებთ, თუმცა...
თუმცა, როგორც ყველა მწვრთნელს, მასაც აქვს თავისი „ამოჩემებები“ - საქართველოს ნაკრებში დღეს ნამდვილადაა რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებს და ამას ყველა ხედავს. და მაინც, სლოვაკი მათ გამუდმებით ენდობა და მეტიც, რიგ შემთხვევებში სასტარტოშიც ათამაშებს - პრობლემატურია მარჯვენა მცველის პოზიცია - კაკაბაძეს შანსი მიეცა, თითქოს თავიდან გამოიყენა კიდეც, მაგრამ ბოლო თამაშები მეტად სუსტად ჩაატარა. ამის ფონზე, სლოვაკს უჩა ლობჟანიძის ძირითადში დაბრუნება მოუწია - თუმცა, ეს, ის შემთხვევაა, როდესაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა - „ატირაუს“ განაპირა მცველი კარგა ხანია სათანადო ფორმაში არაა. საერთოდაც, სხვა შესაძლო ვარიანტებს რომ გადავხედოთ, არცთუ სახარბიელო სიტუაციაა, მაგრამ ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბს, რაღაცის მოფიქრება, რაც ამ საკითხში წინ წაგვწევს, დაუყოვნებილ მართებს. უკეთესი მდგომარეობა არც მარცხენა ფლანგზეა, მაგრამ შედარებით რბილ ხარისხში.
ამ ეტაპზე, სადაც ნაკრებს ასე თუ ისე, არ უჭირს, მეკარის, ცენტრალური მცველებისა და ნახევარმცველების, ასევე ფორვარდების პოზიციაა. არჩევანი არის, შეტევაში ფლანგებზეც, თუმცა, რამდენჯერმე აქაც ალოგიკური არჩევანის მომსწრენი გავხდით!.. ყოველ შემთხვევაში, მოლდოვაში გამართულ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელის თამაშმა კრიტიკას ვერ გაუძლო.
ბოლომდე ვერმიყვანილი საქმე
საქართველოს ნაკრებს ოფიციალური თამაში 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გიბრალტარს ვაჯობეთ, არ მოუგია. ამას კატასტროფაც აღარ ეთქმის - არადა, ამხანაგურ თამაშებს რაც დრო გადის, ვაისის გუნდი უკეთ ატარებს. აი, ოფიციალურ მატჩებში კი, თითქოს საკუთარ თავს ვერ ვახტებით, რაღაც დაუძლეველი კომპლექსი ხელს გვიშლის. მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ნაკრებმა ისეთი თამაშები ჩაატარა, ახლა სამის ნაცვლად თავისუფლად შეიძლებოდა იმდენი ქულა ჰქონოდა, რომ მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელი ყოფილიყო. იქნებ ეს შიშის ბრალია? - იმ შიშის, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ზედმეტად ფრთხილი სათამაშო ტაქტიკისა და მეტოქის მორიდებისა. იქნებ, მეტი რისკით, უკეთესი შედეგი დამდგარიყო? - ერთადერთი კარგი, რაც განვლილ თამაშებში შეიძლება დავინახოთ ისაა, რომ დაშვებულ შეცდომებზე ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ და აღარ განმეორდეს იგივე შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის. იქნებ, ახლა მაინც მოხდეს ისე, რომ ეს შესარჩევი მომდევნოს მოსამზადებლად რეალურად გამოვიყენოთ. თანაც, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ბევრად გამარტივებულია (გამოყოფილი ქვოტის გამო), ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ერთი ტაიმის გუნდი
თითქოს, ყოველი თამაშის შემდეგ დეჟავუ გვაქვს - ყოველი მატჩის მერე, ვფიქრობთ, ისე რომ გვეთამაშა, როგორც მეორე ტაიმში, ხომ მოვიგებდით? - თუმცა, დრო გადის და სიტუაცია არ იცვლება. ავსტრიაზე და მოლდოვაზე ზემოთ მოგახსენეთ, აი, ირლანდიაში და თბილისში, სერბეთთან პირიქით მოხდა: პირველ ტაიმში ჩვენმა ნაკრებმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ მეორეში მოედანზე გამოფიტული გავიდა. განსაკუთრებით, გულდასაწყვეტი ირლანდიური მარცხია, სადაც გოლი არსაიდან გავუშვით. ასეთი გოლები, უკვე ეზოს ფეხბურთშიც აღარ გადის. თუმცა, ჩვენთან ყველაფერი ხდება. სერბეთთან ვიგებდით, თითქოს უნდა მოგვეგო კიდეც ტაიმი, მაგრამ მაშინ, როცა არანაირი აუცილებლობა არ იყო, ტაიმის ბოლოს, საკუთარ კარში პენალტი მოვიგონეთ - ესეც გარკვეულწილად ნაკლები გამოცდილების და კლასის გამო ხდება, მაგრამ ხომ შეიძლება, შეცდომისგან ვისწავლოთ? - რა ხანია, საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლად ტაიმის ბოლო წუთები მიიჩნევა... თუმცა, პრობლემა, პრობლემად რჩება. ერთი ტაიმის თამაშს რაც შეეხება, ეს რომ მთლიანდ მატჩს ვერ იგებს, აგერ, ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გამოჩნდა - შეხვედრა 90 წუთისგან შედგება და არა - 45. იმედია, მალე ვისწავლით ორივე ტაიმში მაღალ დონეზე თამაშს, თორემ ასე რომ შედეგი არ მოვა, ცალსახაა.
წრეზე სიარული უნდა დასრულდეს
საქართველოს ნაკრების ისტორიას თუ გადავხედვათ, წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე ყოველთვის მთავარი მწვრთნელი იყო. ბუნებრივიცაა, რადგან ფეხბურთში სწორედ მწვრთნელია შედეგზე პასუხისმგებელი. როგორც ამბობენ, თამაშს ფეხბურთელები იგებენ და მწვრთნელები აგებენ. თუმცა, წრეზე სიარულით წესით უნდა დავღლილიყავით - ჩვენთან, იცვლებოდნენ გაუთავებლად მწვრთნელები, მაგრამ არ იცვლებოდა შედეგი. იქნებ, ახლა უმჯობესია ვლადიმირ ვაისს დასცალდეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ახალი მწვრთნელი ყოველთვის სიახლესთანაა დაკავშირებული და ყველა ცდილობს გუნდში თავისი მეთოდების დანერგვას. ამის ფეხბურთელებამდე დაყვანას კი, დრო სჭირდება. ეს კიდევ უფრო ძნელია სანაკრებო დონეზე, რადგან კლუბისგან განსხვავებით, ფეხბურთელებთან სამუშაოდ ბევრად ნაკლები დროა გამოყოფილი. მიუხედავად, რამდენიმე სერიოზული და უხეში ტაქტიკური შეცდომისა და თამაშის არასწორი დაგეგმვისა, აშკარაა, რომ სლოვაკის თაოსნობით, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. ასეა თუ ისე, ახლა ერთ ტაიმს მაინც ვთამაშობთ და რაც მთავარია, იგრძნობა, რომ გუნდს შეტევაში შეუძლია კომბინაციურად თამაში. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ მომდევნო შესარჩევ ციკლსაც ვაისი დაიწყებს. ჯერ ერთი, რომ იგი უკვე კარგად უნდა იცნობდეს ქართული ფეხბურთის ნიუანსებს და მეორეც, წრეზე სიარული არ გვინდა... ერთი ეგაა, ვაისმა დაშვებულ შეცდომებზე სცადოს ისეთი გათვლების გაკეთება, რაც არ მოგვცემს იმას, რაც „ზიმბრუ არენზე“ პირველ ტაიმში ვნახეთ - მთავარია, აღარ შეგვეშინდეს...