ჭიდაობა

23:10 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

24 მედალი - თბილისური გრან პრის ქართული მონაგარი
გენო პეტრიაშვილმა თბილისის გრან პრის ჩემპიონის ტიტული ადვილად მოიპოვა

ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის გრან პრიზე დღეს მედლების დარჩენილი 8 კომპლექტი გათამაშდა და გუშინდელი დღის მსგავსად, პოდიუმზე ისევ 12 ქართველი მოჭიდავე ავიდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან შეჯიბრება წაუგებლად მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ჩაამთავრა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე ომარ გუსოშვილი, პოლონელი ბარანი (10:0) და თურქი ჩიველი (10:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის მხოლოდ შეხვედრის სტარტზე მისცა ტოლსწორად ჭიდაობის უფლება. პირველი წუთის მიწურულს ანგარიში 3:3 იყო. შემდეგ კი პეტრიაშვილი 13-მდე ავიდა და ათქულიანი უპირატესობის მოპოვებით ოქროს მედალი ვადაზე ადრე გაინაღდა.

დღესვე, თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები კიდევ სამ წონაში: 61, 70 და 86 კილოგრამებში შეივსო. სამივე წონაში თითო ქართველი გავიდა ფინალში, მაგრამ პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე სამივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. შოთა ფარტენაძემ (61 კგ) აზერბაიჯანელ ჯალილ ალიევთან წააგო, ზურაბ ერბოწონაშვილმა (70 კგ) – ირანელ ჯამალ ემანისთან, ხოლო დავით ხუციშვილმა (86 კგ) – აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან.

გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან მედლის მოპოვება შალვა ხუციშვილმა (61 კგ), დავით ტლაშაძემ (70 კგ) და ირაკლი მწითურმაც (86 კგ) შეძლეს. სამივემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხალიჩაზე 66, 75, 85 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები გავიდნენ და ორ წონაში ყველას ქართველებმა აჯობეს. 85 კილოგრამში გრან პრის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი გახდა, 130-ში – იაკობ ქაჯაია. კობლიაშვილმა დილის პროგრამაში ყაზახი ვალიოვი (8:0) და უნგრელები: სზილვაში (2:1) და ვიქტორ ლორინცი (6:2) ჩამოიშორა. ფინალში კი ამერიკელ ბენ პროვისორს აჯობა (2:0).

იაკობ ქაჯაია უმაღლეს ტიტულს ბელარუსი კირილ ხრუშანკას ძლევით (2:1) დაეუფლა. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი მეტოქე დაამარცხა: სომეხი ხაჩატრიანი (8:0), უნგრელი ბილინტი (9:0) და ყაზახი ტინალიევი (7:5).

უმძიმეს წონაში საპრიზო სამეულში ვასილ იმერლიშვილიც შევიდა, მესამე ადგილით. მის გარდა, ბრინჯაოს მედლებს საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი დაეუფლა: ედნარ შავაძე (66 კგ) და მინდია წულუკიძე (71 კგ).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე სულ 3-3 ოქროსა და ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბერძენ-რომაელთა ანგარიშზე კი 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაოა.

0.112988