ფეხბურთი

16:41 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი - მსოფლიოს ჩემპიონი 20-წლამდელებში

სამხრეთ კორეაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი და ინგლისი ისტორიაში პირველად გახდა ტრიუმფატორი. ბრიტანელებმა ფინალში 1:0 სძლიეს ვენესუელას. ერთადერთი გოლი დომინიკ კალვერტ-ლიუინმა გაიტანა 35-ე წუთზე, როცა მცველების სუსტი თამაშით ისარგებლა.

ვენესუელა პირველ ტაიმში სტატისტის როლში იყო, მაგრამ მეორეში შეუტია და გათანაბრენაც თავისუფლად შეეძლო. ადალბერტო პენიარანდამ პენალტი მოინადირა, თავადვე დაარტყა და ინგლისელთა მეკარე ფრედერიკ ვუდმანმა მოიგერია. საბოლოოდ, სიმპსონის გაწვრთნილებმა იმარჯვეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ურუგვაის მოუგო - 0:0 და პენალტებში 4:1.

საუკეთესო ბომბარდირი გახდა იტალიელი რიკარდო ორსოლინი (5 გოლი). ისე კი, ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები, ორსოლინის გარდა, იყვნენ ინგლისელები დომინიკ სოლანკე და ადემოლა ლუკმანი, ზამბიელი ფაშონ საკალა, ფრანგი ჟან-კევინ ოგუსტინი, ვენესუელელები სამუელ სოსა და ჯეფერსონ სოტელდო, პორტუგალიელები დიოგო გონსალვეში და შადასი, ურუგვაელი ნიკოლას დე ლა კრუზი და ასე შემდეგ...

20-წლამდელთა მუნდიალი 1977 წლიდან ტარდება და 1985 წელს ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრები (ყველაზე ძლიერი ჯგუფი იყო) თბილისში გაიმართა. მაშინ ბრაზილია გახდა ჩემპიონი.

0.069701