მინსკში დასრულებულ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ბაადურ ჯობავამ წარმატებას მიაღწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ მოჭადრაკეს შანსი ჰქონდა ტურნირი პირველ ადგილზე დაესრულებინა, თუმცა ამჯერადაც ვერ შეძლო უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება.
ასპარეზობაში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა, ოთხასამდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს ათი წარმომადგენელი (9 მამაკაცი, ერთი ქალი) იმყოფებოდა. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ(2713) მიაღწია, რომელმაც რუსეთის წარმომადგენლებთან მაქსიმ მატლაკოვთან(2714) და ვლადიმერ ფედოსეევთან(2690) ერთად 8.5-8.5 ქულა დააგროვა და I-III ადგილები გაიყო. დამატებითი მაჩვენებლებით კი მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი და პრიზის სახით 15 000 ევრო ერგო. მატლაკოვი და ფედოსეევი კი შესაბამისად პირველ და მესამე ადგილზე გავიდნენ. ბაადურმა აქამდე 2009 და 2010 წლის ვროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
მომავალმა ვიცე-ჩემპიონმა ტურნირი ცუდად დაიწყო, რომელსაც სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა და აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა. ამის შემდეგ ჯობავამ ზედიზედ 7 პარტია მოიგო და ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მომავალ ჩემპიონ მატლაკოვთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში, ჯობავასა და მატლაკოვის შეხვედრაში გადაწყდა. თეთრებით მოასპარეზე ბაადურს, პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ მოგება აწყობდა, მაგრამ მისმა მეტოქემ შეძლო თავის დაცვა და სასურველ ყაიმს მიაღწია.
საქართველოს სხვა წარმოადგენელთა უმეტესობამაც კარგად ითამაშა და სატურნირო განთესვაზე უკეთესი შედეგი აჩვენა.
ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ბაადურ ჯობავა(2713) - მაქსიმ მატლაკოვი(2714, რუსეთი) 0.5:0.5
ზურაბნ სტურუა(92555) - კონსტანტინ ლუპულესკუ(2631), რუმინეთი) 0.5:0.5
ელტაჯ საფარლი (2668, თურქეთი) - თამაზ გელაშვილი(2563) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე(2518) - ვადიმ ზვიაგინცევი(2661, რუსეთი) 0.5:0.5
მიხეილ მჭედლიშვილი(2605) - ანდრეი ესიპენკო (2509, რუსეთი) 0.5:0.5
კემი კამ ალი მარანდი(2479, თურქეთი) - დავით ჯოჯუა(2581) 0.5:0.5
ალექსანდრა გარიაჩკინა (2470, რუსეთი) - ლევან ფანცულაია(2594) 0.5:0.5
თორნიკე სანიკიძე(2518) - არტურ დავთიანი (2216, სომხეთი) 1:0
მერი არაბიძე (23874) - ნიკოლას თეოდორუ(2495, საბერძნეთი) 0.5:0.5
ნოე თუთისანი(2347) - დიმიტრიოს ბალოკასი (2219, საბერძნეთი) 1:0
ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
2.(6)- ბაადურ ჯობავა (2713) – 8.5 ქულა
68.(129)- ზურაბ სტურუა (2555) – 7.0
71.(116)- ლუკა პაიჭაძე (2568) – 6.5
73.(104)- დავით ჯოჯუა (2581) – 6.5
80.(122)- თამაზ გელაშვილი(2563) – 6.5
89.(80)- მიხეილ მჭედლიშვილი (2605)-6.5
103.(156)-თორნიკე სანიკიძე (2518)-6.5
130.(95)-ლევან ფანცულაია (2595)-6.0
196.(251)-მერი არაბიძე (2374)-5.5
232.(266)-ნოე თუთისანი (2347)-5.0
შენიშვნა: ფრჩხილების გარეშე ნაცჩვენებია დაკავებული, ხოლო ფრჩხილებით განთესვის ადგილი.