როლან გაროსზე ქალთა შორის ჩემპიონი ლატვიელი ელენა ოსტაპენკო გახდა. ბევრი ვერ წარმოიდგენდა ბალტიისპირელისგან ასეთ წარმატებას, თუმცა 20 წლის გოგონამ ოცნება აიხდინა. ფინალში ლატვიელმა სიმონა ჰალეპი 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.
არა და პირველ სეტში რუმინელმა ძალიან იბრძოლა, მართალია ორჯერ დაბრეიკდა, თუმცა საპირისპიროდ სამი ბრეიკი შეასრულა და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე და მესამე სეტებში ჰალეპი თავიდან ორი გეიმით დაწინაურდა, ოსტაპენკომ მაინც შეძლო მატჩის შემოტრიალება და დამსახურებულად გაიმარჯვა. ელენა გახდა პირველი ჩოგბურთელი 1993 წლის შემდეგ, რომელმაც დიდ სლემზე ფინალის პირველი სეტი წააგო და შემდეგ მოიგო.
გამოცდილების მიხედვით ჰალეპი ნაკლებ შეცდომას უშვებდა, თუმცა სუფთა ქულა ოსტაპენკომ 54-ჯერ მოიპოვა, ხოლო სიმონამ - 8-ჯერ. ორმაგი შეცდომა ოსტაპენკოს 54 ჰქონდა, ხოლო რუმინელს - 10. სტატისტიკას რომ თავი გავანებოთ, ლატვიელმა მატჩის ბოლოს მოწინააღმდეგის სამ მოწოდებაზე იმარჯვა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
ოსტაპენკო გახდა პირველი განუთესავი ჩოგბურთელი, რომელმაც გრუნტის კორტზე იმარჯვა. დიდი სლემის ფინალში ლატვიელი პირველად გავიდა, ხოლო ჰალეპმა უკვე მეორედ წააგო საფრანგეთის მთავარ საჩოგბურთო ტურნირზე. როლან გაროსის დაწყების წინ ელენა მსოფლიოს რეიტინგში 47-ე ადგილზე იყო, ახლა კი უკვე ერთბაშად 35 ადგილით წინ წაიწია და მე-12 პოზიციაზეა. ჰალეპის შანსი ჰქონდა პირველ ადგილზე გადასვლის, თუმცა მხოლოდ მეოთხედან მეორეზე გადაინაცვლა.