სხვა

15:38 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში მიემგზავრება

ბულგარეთში მიემგზავრება საქართველოს ხელბურთლთა ნაკრები, რომელსაც 12-18 ივნისს, ველიკო ტირნოვოსა და გაბროვოში საერთაშორისო შეჯიბრება აქვს - ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი. ტურნირში მონაწილეობს 15 ევროპული ქვეყნისა და ჩინეთის ნაკრებები.

შეჯიბრება მეორედ ტარდება და პირველი გათამაშება, 2015 წელს, კოსოვოში, ფარერის კუნძულებმა მოიგო. ბულგარეთის ტურნირის ასაკობრივი კატეგორია ასეთია: მონაწილეობენ 24 წლის და უმცროსი ხელბურთელები, ოღონდ მწვრთნელებს ამ ასაკზე უფროსი 3 მოთამაშის დამატება შეუძლიათ. ტურნირზე, მთავარი ჯილდოს გარდა თამაშდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის 3 საგზური, რომელსაც 3 საუკეთესო ევროპული გუნდი მოიპოვებს.

ბულგარეთში ჩასული 15 ევროპული ნაკრებიდან ექვსმა (ლუქსემბურგი, საქართველო, თურქეთი, კოსოვო, ფარერები, კვიპროსი) უკვე ითამაშა ევრო 2020-ის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი და მეორე ეტაპზე ვერ გავიდა (გაიმარჯვეს იტალიამ, ესტონეთმა და საბერძნეთმა). ახლა ამ 6 გუნდსა და კიდევ 9 ქვეყანას, რომელსაც კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე არ უთამაშია, მეორე შანსი ეძლევა. ჩინეთის ნაკრები ტურნირზე პერსონალურადაა მიწვეული და, ცხადია, ევროპული საგზურების გათამაშებაში არ მონაწილობს.

თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ ევრო-2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს ბულგარეთში მხოლოდ ერთი ნაკრები მიიღებდა, თუმცა, უფრო ლოგიკურად ჩანდა, რომ კვალიფიკაციის მონაწილე 29 ქვეყანას უნდა დამატებოდა სამი, 32 გუნდი დაიყოფოდა 8 ჯგუფად და გაითამაშებდა ფინალური ეტაპის 20 საგზურს. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა გადაწყვეტილება ზედ IHF ჩემპიონატის დაწყების წინ გამოცხადდა.

გვესაუბრება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბექა ორჯოონიკიძე: - „ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, როგორი გუნდი წაგვეყვანა ბულგარეთში - რომელი ლეგიონერი დაგვემატებინა, რომელ პოზიციაზე უფრო გვწირდებოდა გაძლიერება. თავიდანვე ვიხრებოდით იმ აზრისკენ, რომ ნაკრების ბირთვი შეედგინათ 1998 წელში დაბადებულ ჭაბუკებს, რომელიც დიდი ხანია, ერთად თამაშობენ და აგვისტოში, ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ თბილისში. მაგრამ, საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ გუნდის გასაძლიერებლად დიდი რესურსიც არა გვაქვს - სეზონის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ტრავმები აქვთ ირაკლი ჩიქოვანს, რატი მსხვილიძეს, შოთა თევზაძეს და ლექსო წითელიშვილს. გადავწყვიტეთ, რომ 24 წელზე უფროსებიდან დაგვემატებოდა მხოლოდ ვლადიმერ რუსია, რომელსააც ტრავმების გამო ორი სეზონი გაუცდა, მაგრამ უკვე ვარჯიშობდა და ნაკრებში დაბრუნების დიდი სურვილიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში მასაც ფეხი ასტკივდა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს დაემატებოდა ხოლოდ ორი მოთამაშე - 21 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე და 20 წლის გიორგი დიხამინჯია. შესაბამისად, სამი 24 წელზე უფროსის დამატების ლიმიტს არც ვიყენებთ და ფაქტიურად გვყავს 21-წლამდელთა ნაკრები - ანუ თითქმის იგივე გუნდი, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში მესამე ადგილი დაიკავა IHF ტროფიზე, ქუთაისში.

ცუდია, რომ ევრო-2020-ის გასათამაშებელი საგზურების რიცხვი ბოლო მომენტში შეიცვალა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა გუნდი ოდნავ სხვაგვარად დაგვეკომპლექტებინა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავებაც არ იქნებოდა: ლეგიონერების ტრავმებზე უკვე გითხარით, ბულგარეთში თამაში შეუძლიათ 1993 წელს და უფრო გვიან დაბადაბულებს, ამ ასაობრივ კატეგორიაში კი ძალიან დიდი არჩევანიც არა გვაქვს. თანაც, მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდული გუნდითაც შეგვიძლია სამეულში მოხვედრა და საგზურის მოპოვება.

რაც შეეხება ტურნირის ფავორიტებს. უპირველესად, ესაა ალბათ თურქეთი, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დრამატულად დამარცხდა ესტონეთთან და ახლა ყველა ღონეს იხმარს მიზნის მისაღწევად. დანარჩენი გუნდებიდან - ლუქსემბურგი, ფარერები, მოლდოვა, რომელსაც ძლიერი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს და ალბათ მასპინძელი, ბულგარეთი. ჯგუფში ჩვენ მეტოქეებად გვყავს ლუქსემბურგი, მალტა და დიდი ბრიტანეთი. 2 გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის. ძალიან მნიშვნელოვანია პირველივე მატჩი ლუქსემბურგთან. მოგების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვიბრძლოთ და მეოთხედფინალში თურქეთთან თამაში ავიცილოთ თავიდან. ჯამში მე და ჩემი ოლეგა ანდრეი პორტნოი მზადებით კმაყოფილები ვართ - საქართველოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე შეკრებაზე ვართ და ნაყოფიერად ვემზადებით. ჭაბუკთა ნაკრებიდან ბულგარეთში 12 ხელბურთელი მიდის, გვაკლია მხოლოდ ირაკლი კბილაშვილი, რომელიც გუნდს გვიან შეუერთდა და ჯერჯერობით ფორმაში არაა.

გუნდი მზადაა, რომ სამეულში მოსახვედრა იბრძოლოს და, ნებისმიერ შემთხვევაში, აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებს“.

და ბოლოს, ინფორმაცია უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების შესახებ, 2016-17 წლების სეზონი მათთვის წარმატებული არ ყოფილა. მაკედონიაში მეოთხე ადგილი დაიკავა რეზო ჭანტურიას პელისტერმა, მერვე - თეიმურაზ ორჯონიკიძის პრილეპმა. რუმინეთში ირაკლი ჩიქოვანის დუნარეა კელერაშიმ მეოთხედფინალის მერვე საგზური კი მოიპოვა, მაგრამ იქ 0-2 დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, ბუქარესტის დინამოსთან და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა (ჩიქოვანი 167 გოლით სეზონის ბომბარდირთა სიაში მესამე იყო). შოთა თევზაძის კლუბი, რეშიცა, პირველი წრის შემდეგ გაკოტრდა, საქართველოს ნაკრების მეკარე კი გადავიდა ფოჩანიში, რომელმაც რეგულარული სეზონი 11 ადგილზე დაასრულა და ჩაება პლეი-აუტში, სადაც ხუთ გუნდში მესამე იყო. ჩიქოვანი და თევზაძე მომავალ სეზონში ამავე კლუბებში რჩებიან. საბერძნეთში მერვე ადგილზე გავიდა ირაკლი კბილაშვილის ეგეოს სერიფატო, თურქეთში მეშვიდე იყო ლექსო წითელიშვილისა და უჩა მაისურაძის ზაგნოსსფორი, ხოლო ირანში რატი მსხვილიძისა და აკაკი ტალახაძის კლუბმა, ურმიამ, უმაღლესი ლიგა დატოვა. ახალ სეზონიდან ხელბურთში ბრუნდება ვლადიმერ რუსია, რომელმაც 2015 წელს რუმინულ ოდორჰეიში, შოთა თევზაძესთან ერთად ევროტურნირი, ჩელენჯ ტროფი მოიგო, შემდეგ ტრავმების გამო ორი სეზონი გამოტოვა, ახლახან კი კონტრაქტი გააფორმა ლუქსემბურგის დიფერდანჟთან.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში

GK სანდრო ხანდოლიშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი ( 1998, იმედი თელავი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი)

CB გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი თელავი), დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი)

P გიორგი მიქავა (1998, იმედი თელავი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა)

RB - გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა)

RW - გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ანდრეი პორტნოი (უკრ), ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

ხელბურთი. IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი (24 წ, კაცები)

გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017

A ჯგუფი: თურქეთი, კოსოვო, ალბანეთი, ირლანდია (ველიკო ტირნოვო)

B ჯგუფი: ლუქსემბურგი, საქართველო, მალტა, დიდი ბრიტანეთი (ველიკო ტირნოვო)

12 ივნ. 19:00 ლუქსემბურგი-საქართველო, 21:00 მალტა-ბრიტანეთი

13 ივნ. 19:00 საქართველო-ბრიტანეთი, 21:00 ლუქსემბურგი-მალტა

14 ივნ. 19:00 ბრიტანეთი-ლუქსემბურგი, 21:00 საქართველო-მალტა

C ჯგუფი: კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, აზერბაიჯანი (გაბროვო)

D ჯგუფი: ჩინეთი, ფარერის კუნძულები, სომხეთი, მოლდოვა (გაბროვო)

2-2 გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში

16 ივნისი - მეოთხედფინალი 1-8 და 9-16 ადგილებისთვის

A1-B2, B1-A2 (ტირნოვო), C1-D2, D1-C2 (გაბროვო)

17 ივნისი - ნახევარფინალი

1-4, 5-8 ადგილები (გაბროვო): A1-B2/ C1-D2, B1-A2/ D1-C2

9-12, 13-16 ადგილები (ტირნოვო)

18 ივნისი - ფინალი

1-2, 3-4, 5-6, 7-8 ადგილები (ტირნოვო), 9-10, 11-12, 13-14, 15-16 ადგილები (გაბროვო)

სამი საუკეთესო ევროპული გუნდი იღებს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს

ევრო 2020, კაცები

მთავარი შესარცევი რაუნდი. ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (27 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 2018 წლის ჩემპიონი) + 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან: ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია + IHF ჩემპიონატის 3 გამარჯვებული

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118886