როლან გაროსის ნახევარფინალში ერთ-ერთმა ფავორიტმა რაფაელ ნადალმა დომინიკ 6:3, 6:4, 6:0 დაამარცხა და მეათედ შეეცდება ტურნირის მოგებას. ესპანელმა მეტოქეს წინა თვეში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აუღო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. რომის მასტერსზე ავსტრიელმა შეძლო გამარჯვება, ეს კი მიმდინარე სეზონში ნადალისთვის პირველი მარცხი იყო.
ნადალს შანსი აქვს გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც დიდ სლემს მეათედ მოიგებს. ასევე რაფა გახდა მესამე ჩოგბურთელი როჯერ ფედერერის (უიმბლდონი) და ბილ ტილდენის (ამერიკის ღია პირველობა) შემდეგ, რომელმა დიდი სლემის ფინალში მეათედ გააღწია.
ფინალში ესპანელი სტანისლავ ვავრინკას შეხვდება, რომელმაც წინა წელს ამავე ტურნირის ამავე სტადიაზე განცდილი მარცხის გამო რევანში აუღო ენდი მარეის (6:7, 6:3, 5:7, 7:6, 6:1). მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში რომ ფორმაში არაა ეს უკვე ფაქტია. ბრიტანელს შვეიცარიელთან შანსი ჰქონდა მეოთხე სეტში ტაიბრეიკზე მოეგო და ფინალში გასულიყო, თუმცა იღბალი ამ შემთხვევაში ვავრინკას მხარეს აღმოჩნდა და საბოლოოდ მეხუთე სეტში სტანმა მოწინააღმდეგე აღარ დაინდო. ვავრინკა დიდი სლემის ფინალში მესამედ გავიდა და შეეცდება ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდეს.
ურთიერთშეხვედრებში ნადალი შვეიცარიელს 15:3 ამარცხებს. გრუნტის საფარზე ესპანელმა მეტოქეს 5-ჯერ მოუგო და მხოლოდ ერთხელ, ორი წლის წინ რომის მასტერსზე განიცადა მარცხი.