რომის „ლაციომ“ და სიმონე ინძაგიმ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ახალგაზრდა სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობაზე 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ინძაგისადმი ნდობა მოსალოდნელიც იყო, რადგან გასული სეზონი „არწივებმა“ მაღალ დონეზე ჩაატარეს. ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვეს და იტალიის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც „იუვენტუსთან“ წააგეს.
სიმონემ „ლაციო“ 2016 წლის მაისში ჩაიბარა. თავიდან დროებით 2015-2016 წლების სეზონის ბოლომდე, ხოლო მერე ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ინძაგის „ლაციომდე“ მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებში ჰქონდა ნამუშევარი.