საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან თამაში შეაფასა. სლოვაკი ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა და როგორც აღნიშნა, ეს დიდწილად უთამაშებელი ფეხბურთელებითაა გამოწვეული.
გარდა ამისა, მან მოლდოვასთან თამაშის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოს ნაკრები 11 ივნისს გასამართ მატჩში ფავორიტი არაა.
ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არაა და ამ დროს რთულია კარგი თამაში აჩვენო. თუმცა, არსებობს გამონაკლისი არაბიძის სახით, რომელმაც შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. ეს არ ყოფილა ჩვენი მაქსიმუმი და სამომავლოდ ჩვენი თამაში გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ტრავმების გამო თითქმის ნახევარი გუნდი გვაკლდა. რაც შეეხება არაბიძეს, მისი დატვირთვაც არ შეიძლება სრულად.
ანანიძეს და გვილიას პატარა პრობლემები ჰქონდათ და ამიტომ მათი ძირითად შემადგენლობაში დაყენება არ გადავწყვიტე. ამასთან, ლორია, ჭანტურია, მჭედლიძე, ოქრიაშვილი – მათაც ტრავმები აწუხებთ. ეს ხომ, ფაქტობრუვად ნახევარი გუნდია...
მერებაშვილი ტექნიკური ფეხბურთელია და არ უყვარს ბურთთან განშორება. გარდა ამისა, არ გვყავს ცენტრფორვარდიც კაჭარავას გარდა, რომელიც არ იყო სათანადო კონდიციებში. დღეს თავი ასევე იჩინა უთამაშებლობამ – მაგალითად, ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც ბოლო სამ თვეში 30 წუთი ჰქონდა ნათამაშები – ეს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ასეთი რამ არ შეიძლება და უნდა გამოსწორდეს. მე ვნახე მოლდოვის ნაკრების თამაში და საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. ამიტომ, მათთან თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ.
შესაძლოა, ფსიქოლოგიურად გუნდი მართლაც ვერ განეწყო პირველ ტაიმში და ეს, ასეთ დროს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც, ხუთი მეტრიდან ურტყამ და კარს ხუთი მეტრით აცილებ, ეს უკვე მიანიშნებს ხარისხის პრობლემაზე. ამიტომაც, ფეხბურთელებმა საკუთარ თავთან უფრო მეტი უნდა იმუშაონ სათამაშო ხარისხის ამაღლებაზე. მე არასდროს მითქვამს, რომ მოდლოვადან სამი ქულა უნდა წამოვიღოთ. ჩვენ არ ვართ “რეალი” ან “ბარსელონა”, ამიტომ ამის თქმის უფლება არ გვაქვს. ისე კი, საოცარია, მაგრამ ჩვენზე უფრო ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ჩვენი დონის ნაკრებებთან. რაც შეეხება მოლდოვასთან თამაშს არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ – შანსი თანაბარია”, - აღნიშნა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს 3:0 მოუგო, ხოლო მოლდოვასთან მატჩი 11 ივნისს ჩატარდება.