დასრულდა კუბელი მოჭადრაკის, მსოფლიოს სამგზისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულ საერთაშორისო დიდოსტატ ხოსე რაულ კაპაბლანკა-ი-გრაუპერას სახელობის ტრადიციული მემორიალი ჭადრაკში, რომელსაც ათი დღის განმავლობაში კუბის დედაქალაქი ჰავანა მასპინძლობდა.
მემორიალში ექვსი ქვეყნის ამდენივე წარმომადგენელი მონაწილეობდა: ვასილი ივანჩუკი(2738, უკრაინა), სამუელ შანკლადი(2676, აშშ), კრიშნან სასიკირანი(2669, ინდოეთი), ემილიო კორდობა(2645, პერუ), კასპერ პიორუნი(2638, პოლონეთი) და ისან რეუნალდო ოსტიზ სუარესი(2570, კუბა) .
ასპარეზობა ორ წრედ, ათ ტურად ჩატარდა. ძირითადად ტურნირის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი, ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ივანჩუკი ლიდერობდა, მაგრამ მეორე წრის მეორე ნახევარში სასიკირანი გააქტიურდა, 6.0 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ივანჩუკი და შანკლადი ჩამორჩნენ, რომლებმაც მეორე მესამე ადგილები გაინაწილეს.
ბოლო, მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ოსტიზ სუარესი-სასიკირანი0.5:0.5
კორდობა - პიორუნი 0:1
შანკლადი - ივანჩუკი 1:0
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.სასიკირანი - 6.0 ქულა
2. ივანჩუკი - 5.5
3. შანკლადი - 5.5
4. პიორუნი - 5.0
5. ოსტიზ სუარესი-4.0
6. კორდობა - 3.5