კალათბურთი

16:56 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

თორნიკე შენგელიამ სეზონი დაასრულა. ქართველი ფორვარდის კლუბი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდა. სერიის მე-4 შეხვედრა, რომელსაც ვალენსიელებმა უმასპინძლეს, შენგელიას გუნდმა 77:85 წააგო და სერია საერთო ანგარიშით - 1:3 დათმო.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ 9-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 26:49 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ შენგელიას ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაუფარეს, მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა. ამასთან, ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში “ბასკონიამ” “ვალენსიაზე” 3 ქულით მეტი ჩააგდო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ რიკი ლედოს (21) ჩამორჩა, რომელმაც 28:41 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ვალენსიას” მეტოქე მადრიდის ”რეალი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალური სერია მალაგის “უნიკახას” 3:0 მოუგო.

gbf.ge

0.116148