არსენ ვენგერმა “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებისთანავე, მომავალი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო და როგორც L'Equipe იტყობინება, კილიან მბაპესთვის ევროპულ გრანდებს შორის გაჩაღებულ ბრძოლაში აქტიური ნაბიჯი გადადგა.
ლონდონელებმა, 18 წლის ფრანგი ფორვარდის ტრანსფერში, “მონაკოს” 100 მილიონი ევრო შესთავაზეს. რას ფიქრობენ ამ წინადადებაზე მონაკოელები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კლუბის მხრიდან ცოტა ხნის წინ სწორედ ეს თანხა დასახელდა ახალგაზრდა ფეხბურთელის მინიმალურ ღირებულებად. ცნობილია ისიც, რომ თავად მბაპეს მადრიდის “რეალში” კარიერის გაგრძელების პერსპექტივა ხიბლავს.
ასე რომ, ვენგერს, რომელმაც ახლახან “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და პრემიერლიგაში ღირსეულ გამოსვლასთან ერთად, ევროპული ტიტულებისთვის ბრძოლის პირობაც დადო, დიდი ძალისხმევა დასჭირდება თანამემამულესთან საერთო ენის საპოვნელად.