ფეხბურთი

14:30 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ორენბურგი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი „ორენბურგი“ ჩაიბარა. ქეცბაიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მცირე ინტერვიუ Sportexpress.ru-მ ჩაწერა და ახალ სამსახურზე ესაუბრა.

ქართველი სპეციალისტის თქმით, მისი მიზანი პირველ ლიგაში გამარჯვებაა, ხოლო ადგილობრივ მედიას დაჰპირდა, რომ შეეცდება „ორენბურგმა“ შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.

- კონტრაქტი რამდენწლიანია?

- ერთწლიანი - თუ წარმატებით ჩავატარებთ მომავალ სეზონს, იგი ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება.

- დიდი ხანი დაგჭირდათ ფიქრისთვის „ორნებურგი“ რომ გაგეწვრთნათ?

- ორი დღე. პასუხის დაგვიანება შეუძლებელი იყო, რადგან ახალი სეზონი 40 დღეში უკვე იწყება. მოსამაზადებლად ეს არაა დიდი დრო, ამიტომაც მნიშვნელოვანი დღეების დაკარგვა არ შეიძლებოდა. ჩემპიონატის დაწყებამდე შემადგენლობის 70-80% ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ხოლო სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდე ღია იქნება და საჭიროების შემთხვევაში გვექნება დრო ახალი ფეხბურთელები დავიმატოთ.

- თქვენი კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იყავით. ახლა კი, რუსეთის პირველ ლიგაში...

- მართალია, მე პირველად მომიწევს მუშაობა ამ დონეზე. თუმცა, ყველაფერი რიგზეა. მინდა აქ გამარჯვება. პირველი ლიგა უნდა მოვიგოთ! არათუ პრემიერლიგის საგზური მოვიპოვოთ, არამედ, სეზონი პირველ ადგილზე უნდა დავასრულოთ.

- როგორ ფეხბურთს ითამაშებს თქვენი „ორენბურგი“?

- ამაზე საუბარი ნაადრევია . რა თქმა უნდა, მსურს, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა ფეხბურთელების შესაძლებლობების გადახედვა და გარკვევა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. უპირველესი და უმთავრესი კი - შედეგია. ერთია ითამაშო პრემიერლიგაში და მეორე - პირველ ლიგაში. გასულ სეზონში „ორენბურგი“ დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ეს პირველ ლიგაში წარმატებას ვერ მოგვიტანს, აქ შეტევაა საჭირო - ეს კი, კარგ ფეხბურთელებსაც მოითხოვს.

0.118064