გიორგი არაბიძე უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა გარემარბმა "ოლექსანდრია"-"შახტარის" მატჩში (1:1) მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა. არაბიძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ ესეც საკმარისი გახდა Ua-football-ისთვის, რომ სიმბოლურში შეეყვანათ.
"19 წლის არაბიძე აზრიან და შინაარსიან ფეხბურთს თამაშობს. ქართველმა "ოლექსანდრიასთან" თავიდანვე მწვავედ შეუტია, არაერთხელ გაამწვავა თამაში და ბორიაჩუკს ორიგინალური პასით გაატანინა. შემდეგაც ქმნიდა ხიფათს, სამჯერ დაარტყა კარში და სამივეჯერ მცირედით არაზუსტად" - წერს უკრაინული საიტი.