საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დღეს კოკა-კოლას თასის თბილისის ფინალები გაიმართა. კვარიათის საგზურის მოსაპოვებლად შეხვედრები დილიდან მიმდინარეობდა. დღის ბოლო შეხვედრაში ვაჟთა შორის ფინალურ მატჩში 147-ე სკოლამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 23-ე სკოლის გუნდი. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში 147-ე სკოლის ფეხბურთელებმა იმარჯვეს და ანგარიშით 3-2 დაამარცხეს მეტოქე. უკეთესად 147-ე სკოლის ფეხბურთელებმა შეასრულეს და სერია 3-2 დასრულდა. გოგონათა ფინალში 152-ე სკოლის გუნდმა 168-ე სკოლის გოგონები 3-0 დაამარცხა და 13 ივნისიდან კვარიათში გააგრძელებს ასპარეზობას. 147 სკოლასთან ერთად კვარიათში გაემგზავრებიან თბილისის 146-ე, მე-10, 55-ე და 195-ე სკოლების ვაჟთა გუნდები.
ფინალური მატჩის დაწყებამდე მონაწილეებსა და გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კოკა-კოლას პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მიმართეს. მათ მონაწილეებს წარმატება უსურვეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარების მიმართულებით „კოკა-კოლას“ თასის მნიშვნელობა აღნიშნეს. თემურ ჭყონიამ ტურნირის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა არის იმის მიზეზი, რომ მომავალი წლიდან ტურნირი საერთაშორისო მასშტაბებს მიიღებს და ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უცხოელ თანატოლებთან შეჯიბრების საშუალება ექნებათ.
ფინალური შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გუნდები ლევან კობიაშვილმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თემურ ჭყონიამ დააჯილდოვეს.
დღესვე კოკა-კოლას თასის თბილისის ფინალების დასრულებისთანავე მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
კოკა-კოლას თასზე თბილისის ყველა რაიონიდან 2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა და 2002-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულ ვაჟთა ხუთი და გოგონათა ერთი გუნდი კვარიათში გაემგზავრება და სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ორთაბრძოლაში გაარკვევს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ვინაობას. გასულ წელს „კოკა-კოლას თასში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წელს ეს რიცხვი გაიზარდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 16000 მოსწავლეა ჩართული.
სფფ-ის პრესსამსახური