წარსულს ლა ლიგის 2016/2017 წლების სეზონიც ჩაბარდა, რომელიც ბოლო ტურამდე დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მადრიდის “რეალის” ტრიუმფით დასრულდა.
აწ უკვე დასრულებულ სეზონში ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. ბევრმა ახალმა მოთამაშემ გაიბრწყინა, ზოგმაც პირიქით – იმედი გაგვიცრუა. ანალოგიური რამ ითქმის კლუბებზეც. მოკლედ, მივყვეთ სეზონის შეჯამებას.
ჩემპიონობისთვის მებრძოლნი
მიმდინარე სეზონში რეალურად ორი ასეთი კლუბი იყო: “რეალი” და “ბარსელონა”, რომელთაც სეზონის 2/3 “სევილიაც” ეჭიდებოდა, თუმცა ანდალუსიურმა კლუბმა პირველობის ბოლო მონაკვეთი ჩააგდო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გიგანტებს ბოლომდე წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
“რეალმა” სეზონის უდიდესი ნაწილი ლიდერის რანგში გაატარა და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა, თუმცა, აქაც ბევრი საინტერესო დეტალია. “ბარსელონამ” მადრიდულ კლუბს პირისპირ შეხვედრებში აჯობა (1 მოგება და 1 ფრე) და გარდა ამისა, ძლიერ მოწინააღმდეგეებთანაც უკეთესი შედეგი აჩვენა. “ბლაუგრანამ” ორივე მატჩი მოუგო “სევილიას”, “ვალენსიას”, “ბილბაოს”, ხოლო “სოსიედადთანაც”, “ატლეტიკოსთან” და “ვილიარეალთან” ოთხ-თხი ქულა მოიპოვა. ანუ ჯამში, “ბარსამ” ამ კლუბებთან 36 შესაძლებელი ქულიდან 30 მოიპოვა, ხოლო “რეალმა” იგივე მეტოქეებთან მხოლოდ 26 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა სუსტ კლუბებთან საკმაოდ ბევრი ქულა დაკარგა (წააგო “ალავესთან”, “დეპორტივოსთან”, “მალაგასთან”, “სელტასთან”) და ამის გამო, ტიტულის დათმობა მოუწიათ.
საპირისპიროდ, “რეალი” შედარებით სუსტ კლუბებთან ძალიან კარგად თამაშობდა და ქულებს ფაქტობრივად არ კარგავდა, რამაც “ბარსელონას” ზემოთ აღნიშნული უპირატესობა გააბათილა და მადრიდელებმა ლა ლიგა 33-ედ მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ “ბლანკოსმა” ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა და ისე გახდა ჩემპიონი, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
ჩემპიონთა ლიგის ზონა
“რეალი” და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაში აუცილებლად რომ გავიდოდნენ, ამაში ეჭვი ალბათ ფეხბურთის არცერთ მოყვარულს არ ეპარებოდა. “ატლეტიკოზეც” იგივეს თქმა შეიძლებოდა, ხოლო მე-4 ადგილთან დაკავშირებით ფსონის ჩამოსვლა ბევრ კლუბზე შეიძლებოდა.
საბოლოოდ, პირველ-მეორე ადგილები სწორედ ესპანური ფეხბურთის გიგანტებმა გაინაწილეს, მე-3 ადგილზე “ატლეტიკო” გავიდა, ხოლო მე-4 პოზიციას ამჯერად “სევილიას” დასჯერდა. თუმცა, სეზონის უმეტესი ნაწილი სამეულში სწორედ “სევილია” გაატარა, ხოლო “ატლეტიკო” მე-4 ადგილზე იყო და მასთან საკმაოდ ახლოს ტრიალებდნენ “ვილიარეალი” და “სოსიედადი”.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სეზონის ბოლო მონაკვეთი “სევილიამ” პირწმინდად ჩააგდო, ხოლო “ატლეტიკომ” მოუმატა და შესაბამისად, ამ ორმა პოზიციები გაცვალა. ანდალუსიური კლუბის არ იყოს, ქულების დაკარგვას “ვილიარეალმა” და “სოსიედადმაც” მოუხშირეს, რამაც საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ მოწინავე ოთხეული ძალიან აშკარად გამოიკვეთა და ბოლო ტურებში ამ მხრივ ოდნავი დაძაბულობაც არ ყოფილა.
პირველი სამეული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა, ხოლო “სევილია” მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ამ ტურნირში.
ევროპა ლიგა
ამ ზონაშიც თავიდანვე სამი კლუბი გამოიკვეთა და მათი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა. “ვილიარეალი” ტრიოში გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ და მეტწილად უკანა ხაზის მშვენიერი თამაშის წყალობით მე-5 ადგილზე გასვლა მოახერხა.
“სოსიედადი” 2016/2017 წლების სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდი იყო. ბასკურ კლუბს შეეძლო, ერთი მატჩი ნებისმიერ მეტოქესთან უმაღლეს დონეზე ჩაეტარებინა (მაგალითად, “ბარსელონასთან” 1:1, როდესაც მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა და კატალონიელებს საოცრად გაუმართლათ, რომ არ წააგეს), ხოლო შემდეგ სუსტ გუნდთან უშანსოდ წაეგო (“დეპორტივოსთან" 1:5). “ჩური ურდინმა”, არასტაბილურობის მიუხედავად, მე-6 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაში ითამაშებს.
თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა “ბილბაო”, რომელმაც სეზონი მე-7 პოზიციაზე დაასრულა და ევროპა ლიგის მიღმა დარჩა. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირში კი "ალავესი" იასპარეზებს, რომელიც ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონასთან” მარცხის შემთხვევაშიც კი გავა ევროპა ლიგაში.
არც იქით და არც აქეთ
საუბარია ცხრილის შუაში მყოფ კლუბებზე, რომლებიც ვერც ევროსაგზურებისთვის იბრძოდნენ და გავარდნაც ნაკლებად ემუქრებოდათ. ასეთებიდან პირველ რიგში გამოსარჩევი “ეიბარია”, რომელიც, მართალია, მე-10 ადგილზე გავიდა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ბასკურმა კლუბმა ბოლო 3 მატჩი მიჯრით წააგო, თორემ “იპარუას“ ბინადრები მთელი სეზონის განმალობაში ძალიან სიმპატიურ თამაშს აჩვენებდნენ და უფრო წინ გასვლასაც იმსახურებდნენ.
მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს “ალავესი“, რომელიც ლა ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მე-9 ადგილი დაიკავა. საშინელი სტარტის შემდეგ საკმაოდ მოუმატა “ესპანიოლმა“, საბოლოოდ მე-8 პოზიციაზე გავიდა და გუნდს აშკარად აქვს იმის პოტენციალი, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენოს.
ბოლო წლებში ყველაზე უღიმღამო სეზონი ჰქონდა “მალაგას“, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმალობაში აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ ბოლო ტურებში თამაში გამოასწორა და მე-11 ადგილამდე აღზევდა.
აი მე-12 საფეხურის ბინადარი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარია “ვალენსია“, რომელმაც საშინელი სეზონი ჩაატარა და პირველი წრის შემდეგ კლუბი გასავარდნ ზონაში მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ ბურთების შეფარდებით “ხიხონს“ ჯაბნიდა. ჩეზარე პრანდელის წასვლის და ვოროს ხელმეორედ მოსვლის შემდგომ, “ღამურებმა“ თამაში გამოასწორეს და ცხრილის შუამდე ამოვიდნენ, თუმცა არსებული რესურსიდან გამომდინარე, ეს კლუბი მინიმუმ ევროპა ლიგის ზონაში უნდა იყოს.
სეზონი შტამბეჭდავად დაიწყო “ლას პალმასმა“, ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ თამაშსაც ანახებდა და “ბარსელონას“ შემდეგ ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ბურთის ფლობით, მაგრამ კანარელებმა სეზონის დასკვნითი ნაწილი მთლიანად ჩააგდეს და გათამაშება ცხრილის ქვედა ნაწილში დაასრულეს.
“სელტას“ აქცენტი ევროპა ლიგაზე ჰქონდა გაკეთებული და ფლეი-ოფებიდან მოყოლებული, ლა ლიგაში ძალიან ხშირად მეორე შემადგენლობით თამაშობდა. ამის გათვალისწინებით, გალისიელებისთვის მე-13 ადგილი ურიგო არ უნდა იყოს.
“ბეტისმა“ და “დეპორტივომ“ ადგილის შენარჩუნება მოახერხეს და წელს ამ კლუბებისგან მეტს ცოტა ვინმე თუ ელოდა. “ლეგანესმა“ კი ლა ლიგაში სადებიუტო სეზონი დარჩენით აღნიშნა, რაც ამ პატარა კასტილიური კლუბისთვის ძალიან დიდი წარმატებაა.
მაჩანჩალები
ქვედა სამეულს ნამდვილად ზემოთ ნახსენები სიტყვა შეეფერება. ეს ტრიო მთელი სეზონი ცხრილის ფსკერს არ მოსცილებიან და ლა ლიგა 2-ში სრულიად დამსახურებულად გავარდნენ. განსაკუთრებით უსუსურები “გრანადა“ და “ოსასუნა“ იყვნენ და ეს ცხრილშიც, ყველანაირ სტატისტიკაშიც მშვენივრად ჩანს, ხოლო “ხიხონს“ ბოლო ტურებშიღა გაახსენდა, რომ თამაში შეუძლია, რაც ლა ლიგაში დასარჩენად საკმარისი არ გამოდგა.
გამორჩეული მოთამაშეები
მეკარეები
დიეგო ალვეში (“ვალენსია“)
ვიღაცამ “ვალენსიას” გაშვებული გოლების რაოდენობას რომ ჩახედოს, დიეგო ალვეშის გამორჩეულობაზე გაეცინება, მაგრამ წელს “ღამურებს” ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა რომ არ მოუწიათ, დიდწილად სწორედ ბრაზილიელი კიპერის დამსახურებაა. მან 33 შეხვედრა ჩაატარა და 56 გოლი გაუშვა, მაგრამ გაცილებით მეტი კარგი სეივი გააკეთა და ეს პირველ რიგში “ლოს ჩეს” დაცვის უსუსურობაზე მეტყველებს. რაც მთავარია, დიეგომ მიმდინარე სეზონში 6 პენალტი მოიგერია და ლა ლიგის ისტორიაში მორიებული პენალტების მხრივ რეკორდი დაამყარა.
სერხიო ასენხიო (“ვილიარეალი”)
ძალიან კარგი, მაგრამ ამავდროულად ძალიან უიღბლო მეკარე. მისთვის სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობდა და ზამორას პრიზის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის უკანასკნელი მესამედი გამოტოვა.
მან 24 მატჩში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 12-ჯერ მოახერხა.
იან ობლაკი (“ატლეტიკო“)
მადრიდულ კლუბში დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდგომ, ზამორას პრიზს ფაქტობრივად სულ ამ კლუბის მეკარე იგებს. ამჯერადაც ასე მოხდა, “როხიბლანკომ“ მხოლოდ 27 გოლი გაუშვა და ამაში იან ობლაკს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. 24 წლის მეკარემ სეზონის შუა ნაწილში ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდი გაუცდა, თუმცა ფორმა მალევე აღიდგინა და საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.
მან 30 მატჩში 21 გოლი გაუშვა და 15-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
მცველები
მარსელო, კარვახალი და რამოსი
“რეალმა“ 2012 წლის წლის შემდეგ ლა ლიგა კიდევ ერთხელ რომ მოიგო ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ამ სამ უკანახაზელს მიუძღვის. ეს ტრიო მთელი სეზონის განმალობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და საკუთარი გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოჰქონდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
მათ ანგარიშზეც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გოლი (მაგ: რამოსის გოლი “ბარსელონასთან“ 90-ე წუთზე, მარსელოს გოლი “ვალენსიასთან“ 86-ე წუთზე) და საგოლე გადაცემაა, რომელთაც მადრიდული გრანდის გაჩემპიონებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
დიეგო გოდინი
უკვე მერამდენედ სეზონია, რაც ურუგვაელი ფეხბურთელი “ატლეტიკოს“ დაცვის ნამდვილი ბურჯია. დიეგომ მორიგი შთამბეჭდავი, სტაბილური სეზონი ჩაატარა და საუკეთესოთა შორის მოხვედრა ნამდვილად დაიმსახურა. დაცვაში ჩინებული თამაშის გარდა, ის თავის გუნდს სტანდარტულებზე ძალიან კარგად ეხმარება და თავით არაერთი გოლი აქვს გატანილი.
მან 31 მატჩში, 3 ბურთი შეაგდო და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ნახევარმცველები
კასემირო-კროოსი-მოდრიჩი („რეალი“)
მცველების არ იყოს, მადრიდელთა ნახევარდაცვის ტრიოც მთელი სეზონის განმალობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და ვფიქრობთ, სუბიექტურები ვიქნებოდით, მათი გარჯა რომ არ აღგვენიშნა. კასემირო შავი სამუშაოს დიდებული შესრულებით გამოირჩეოდა, შეტევებს დიდებულად შლიდა, ხოლო ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი უფრო შემოქმედებითი როლით გამოირჩეოდნენ, თანაგუნდელებს ჩინებული, ზუსტი გადაცემებით ამარაგებდნენ და თავიანთი გუნდის ნამდვილი ღერძები იყვნენ.
პაბლო პიატი (“ესპანიოლი“)
არგენტინელი ფეხბურთელი “ვალენსიაში“ ვერაფრით გაიხსნა, თუმცა “ესპანიოლში“ უმალ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან სეზონი ათ-ათი გოლით და საგოლე გადაცემით დაასრულა.
თავდამსხმელები
ლიონელ მესი და ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
მათზე საუბარი და იმის ახსნა, თუ როგორი ფეხბურთელები არიან და როგორი სეზონი ჰქონდათ, ალბათ ფეხბურთის მოყვარულისთვის ზედმეტია. არგენტინელმა 37 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ურუგვაელმა 29 ბურთი შეაგდო და 13-ჯერ გუნდელებს გაატანინა, ამით ყველაფერია ნათქვამი.
კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”)
ძველებურად 40 გოლი ვეღარ გაიტანა და ბომბარდირობის შანსიც არ ჰქონია, თუმცა “რეალისთვის” ძველებურად სასარგებლო იყო და საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ბევრი მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო და საბოლოო ჯამში 25 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
საუკეთესო ტრანსფერები
სანდრო რამირესი (“ბარსელონადან” – “მალაგაში”)
პაბლო პიატი (“ვალენსიადან” – “ესპანიოლში”)
ვილიან ჟოზე (“ლას პალმასიდან” – “სოსიედადში”)
რობერტო სორიანო (“სამპდორიადან” – “ვილიარეალში”)
სამუელ უმტიტი (“ლიონიდან” – “ბარსელონაში”)
ფლორინ ანდონე (“კორდობადან” – “დეპორტივოში”)
ცუდი ტრანსფერები
ანდრე გომეში და პაკო ალკასერი (“ვალენსიადან” – “ბარსელონაში”)
ლუკას დინიე (პსჟ-დან – “ბარსელონაში)
მუნირ ელ ჰადადი (“ბარსელონადან” – “ვალენსიაში”)
მარიო სუარესი (“უოტფორდიდან” – “ვალენსიაში”)
ლუსიანო ვიეტო (“ატლეტიკოდან” – “სევილიაში”)
ალენ ჰალილოვიჩი (“ჰამბურგიდან” – “ლას პალმასში”)
სეზონის საუკეთესო სიმბოლური
მეკარე: იან ობლაკი (“ატლეტიკო”);
მცველები: დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), სერხიო რამოსი, მარსელო, დანი კარვახალი (სამივე “რეალი”);
ნახევარმცველები: კასემირო, ლუკა მოდრიჩი (ორივე “რეალი”), პაბლო პიატი (“ესპანიოლი”);
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”), ლუის სუარესი, ლიონელ მესი (ორივე “ბარსელონა”).
სეზონის უარესი სიმბოლური
მეკარე: სალვატორე სირიგუ (“ოსასუნა”);
მცველები: გასტონ სილვა, რუბენ ვეზო (ორივე “გრანადა”), ლუკას დინიე (“ბარსელონა”), კარლოს კლერკი (“ოსასუნა”);
ნახევარმცველები: მარიო სუარესი (“ვალენსია”), სერხი სამპერი (“გრანადა”), ალენ ჰალილოვიჩი (“ლას პალმასი”);
თავდამსხმელები: მუნირ ელ ჰადადი (“ვალენსია”), ლუსიანო ვიეტო (“სევილია”), ემანუელ რივიერი (“ოსასუნა”).
საუკეთესო მატჩები
1 ტური სევილია – ესპანიოლი 6:4
7 ტური სელტა – ბარსელონა 4:3
9 ტური ესპანიოლი – ეიბარი 3:3
10 ტური ლას პალმასი – სელტა 3:3
12 ტური დეპორტივო – სევილია 2:3
13 ტური მალაგა – დეპორტივო 4:3
18 ტური სევილია – რეალი 2:1
22 ტური ატლეტიკო – სელტა 3:2
24 ტური ვილიარეალი – რეალი 2:3
30 ტური ვალენსია – სელტა 3:2
33 ტური რეალი – ბარსელონა 2:3