საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც საკლუბო დონეზე ესპანური „ბასკონიის“ ღირსებას იცავს, მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი გამართა. შენგელიას გუნდმა პირველ მატჩში შინ „გრან კანარიას“ იოლად მოუგო და სტუმრადაც რომ ემარჯვა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა კუნძულელებმა შინ ფხა გამოიჩინეს, ბასკურ გუნდს 94:79 სძლიეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.
ქართველი კალათბურთელი ბასკონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 21:18 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა, მანამდე კი, მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
კანარიულ-ბასკურ დაპირისპირებაში ანგარიში 1:1 გახდა, ნახევარფინალისტის ვინაობა კი, 28 მაისს გაირკვევა, როდესაც “ბასკონია” უკვე მასპინძლის რანგში იქნება.
ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალის მე-2 მატჩს დღეს ჩაატარებს გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორა”. ქართველთა გუნდმა მადრიდის “რეალთან” პირველი შეხვედრა 76:107 წააგო და მორიგ მატჩსშინჩაატარებს.
gbf.ge