ჩოგბურთი

18:51 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლასმა თავი იჩინა: ბასილაშვილმა ცონგასთან წააგო (+VIDEO)

ლიონის ღია ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟო-ვილფრიდ ცონგასთან 2:6, 6:3, 1:6 წააგო. პირველ ორ სეტში ქართველმა ფრანგს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გადამწყვეტ სეტში ვერაფერს გახდა. მსოფლიოს მე-13 ჩოგანი საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა სათამაშო კლასმა და გამოცდილებამ თავისი საქმე გააკეთა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა იმედისმომცემად დაიწყო. პირველ გეიმზე ნიკოლოზს ბრეიკის შანსი ჰქონდა, თუმცა ფრანგმა მობილიზაცია მოახდინა და მეტოქეს დაწინაურების საშუალება არ მისცა. ცონგას მეორე მოწოდებაზეც გაუჭირდა, რადგან 15:40-ს აგებდა და ქართველს შეეძლო წინ გასვლა. გასაჭირში ცონგამ ეისების უპირატესობა გამოიყენა და კვლავ მოიგო. მეექვსე გეიმში ნიკოლოზი 0:40-ს აგებდა და, მართალია, შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა შეცდომების წყალობით ჟო-ვილფრიდმა ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ ნიკამ რატომღაც ხელი ჩაიქნია, შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა და 2:6 წააგო.

მეორე სეტი ცონგამ შეცდომებით დაიწყო და საკუთარ მოწოდებაზე სამჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა. ბასილაშვილი 40:30 დაწინაურდა, ფრანგის მოწოდებაზე ნიკოლოზს შანსი ჰქონდა, თუმცა ბადესთან გასულ ცონგას ვერ აჯობა და ბურთი კორტს მიღმა გადააგდო. მეხუთე გეიმში ფრანგი 40:15-ს იგებდა, როდესაც ბასილაშვილმა მოულოდნელად ზედიზედ 4 გათამაშება აგრესიული თამაშით მოუგო და მატჩში პირველად დაწინაურდა - 3:2. ამის შემდეგ ქართველმა მეტოქეს უკუბრეიკის საშუალება არ მისცა და მეტიც, მეცხრე გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება და 6:3 იმარჯვა. მეორე სეტში ცონგამ ბასილაშვილს ქულები ბევრჯერ აჩუქა, ორმაგი შეცდომა 5-ჯერ დაუშვა და ბოლო გეიმიც ასევე შეცდომების გამო წააგო.

მესამე სეტი ბასილაშვილმა დაიწყო და დაბრეიკდა. ამის შემდეგ ცონგა თავის მოწოდებებს იგებდა და მეხუთე გეიმი ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდებაზე კვლავ დათმო. საბოლოოდ, ცონგამ იოლად იმარჯვა (6:1) და გავიდა ფინალში, სადაც მილოშ რაონიჩსა და ტომაშ ბერდიხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 24520 ათასი ევრო გამოიმუშავა. ლაივ რეიტინგში ბასილაშვილი 71-ე პოზიციიდან 63-ემდე დაწინაურდა. ქართველის შემდეგი ტურნირი იქნება საფრანგეთის ღია პირველობა, რომელსაც ძირითად ბადეში დაიწყებს და მისი მეტოქე ფრანგი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 32-ე ჩოგანი ჟილ სიმონი იქნება.

0.142081