ფეხბურთი

14:20 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის წინ: აიაქსი – მანჩესტერ იუნაიტედი

დღეს მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სტოკჰოლმისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ამსტერდამის “აიაქსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.

ერთმანეთის წინაშე ევროპის ორი გამორჩეული, სახელოვანი კლუბი წარსდგება, რომელთაც ჯამში 13 ევროპული ტიტული აქვთ მოგებული და ამ თასებიდან 7 ჩემპიონთა ლიგაა (4-ჯერ “აიაქსს” აქვს მოგებული, 3-ჯერ “მანჩესტერ იუნაიტედს”). თუმცა, მათი ევროპული წარმატებების შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ეს განსაკუთრებით ჰოლანდიურ გრანდს ეხება, რომელმაც ბოლოს ევროტურნირის ფინალში შორეულ 1996 წელს ითამაშა.

საინტერესოა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ევროპა ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელიც არასდროს მოუგია და თუ დღეს ამის გაკეთებას მოახერხებს, უეფას ყველა გათამაშების თასს მოუყრის თავს. ამსტერდამულ კლუბს კი ევროპა ლიგა (მაშინდელი უეფას თასი) ერთხელ – 1991/1992 წლების სეზონში აქვს მოგებული.

დღევანდელ მატჩს ტიტულის გარდა, მეორე და თან ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გამარჯვებული კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება. “აიაქსი” ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში, ხოლო “იუნაიტედი” პრემიერლიგაში მხოლოდ მე-6 დასჯერდა და ევროპა ლიგის მოპოვება მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა.

ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა ხაზი გაუსვა საკუთარი გუნდის გამოუცდელობას. აღნიშნა, რომ მისი შეგირდები ამ დონეზე პირველად ითამაშებენ და მთავარია ფეხბურთელები ნერვებს ზედმეტად არ აყვნენ. მისი აზრით, წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის და “აიაქსს” “იუნაიტედის” დამარცხება შეუძლია. ცნობისთვის, “აიაქსის” საშუალო ასაკი 22 წელია.

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო “იუნაიტედის” პრესკონფერენცია არ ჩატარებულა. ჟოზე მოურინიომ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ ისინი გარდაცვლილებზე ფიქრობენ და მოახლოებულ მატჩს ბედნიერები არ ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ “წითელი ეშმაკებს” ევროპა ლიგაზე 10 თამაშია არ წაუგიათ (7 მოგება, 3 ფრე), ხოლო “აიაქსს” თუ “ამსტერდამ არენაზე” მიმდინარე გათამაშებაში ყველა (7) მატჩი აქვს მოგებული, გასვლაზე უკვე 6 მატჩია არ მოუგია.

რაც შეეხება დანაკლისებს, “აიაქსს” სინკრავენი ტრავმირებული ჰყავს, ხოლო ვიერგევერი დისკვალიფიცირებულია. “მანჩესტერში” დისკვალიფიცირებული ბაილია, შოუს, როხოს, იბრაჰიმოვიჩს და იანგს ტრავმების აწუხებთ.

ეს კლუბები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვედრიან და ორ-ორჯერ იმარჯვეს. ბოლოს მათი გზები 2012 წელს გადაიკვეთა, ასევე ევროპა ლიგაზე. 1/16 ფინალურ მატჩში “ამსტერდამ არენაზე” ინგლისელებმა 2:0 მოიგეს, ხოლო “ოლდ ტრაფორდზე” ჰოლანდიელებმა 2:1 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე “წითელი ეშმაკები” გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ დელე ბლინდი მაშინ “აიაქსის” ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, ტურნირის გამარჯვებულის ბიუჯეტი 6.5 მილიონი ევროთი შეივსება, ხოლო დამარცხებული – 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

22:45 აიაქსი – მანჩესტერ იუნაიტედი
სტოკჰოლმი, “ფრენდს არენა”
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა, დ.სანჩესი, ველტმანი, დე ლიგტი, რიედევალდი, კლაასენი, ზიეჩი, შონე, ტრაორე, იუნესი, დოლბერგი.
მწვრთნელი: პიტერ ბოში
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): რომერო, ჯონსი, ბლინდი, ვალენსია, დარმიანი, ფელაინი, ერერა, პოგბა, ლინგარდი, მხითარიანი, რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117091