სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტურმა ეს-ესაა სტარტი აიღო და უკვე ცნობილია ორი მერვედფინალისტის ვინაობა: მასპინძელი სამხრეთ კორეა და ვენესუელა. იგივე შედეგთან ძალიან ახლოს არიან მექსიკისა და ინგლისის ნაკრებები, ხოლო არგენტინას შეუძლია უკვე ბარგის ჩაალაგებაზე იფიქროს.
A ჯგუფი
არგენტინის ნაკრებმა პირველ ტურში ინგლისთან სამარცხვინოდ წააგო და ამიტომაც, მეორე ტურში მასპინძელ კორეასთან წაფორხილების უფლება არ ჰქონდა, თუმცა თავს ზემოთ ძალა არაა - „ალბისელესტემ“ მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და აზიელებთანაც წააგო - 1:2. შესაბამისად, ბოლო ტურის წინ 0 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი მცირე აქვს: არგენტინელთა ერთადერთი იმედი საუკეთესო მესამე ადგილოსნებს შორის მოხვედრა იქნება, მაგრამ ამისთვის ბოლო ტურში გვინეის ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხება იქნება საჭირო. თუმცა, სრულ გარანტიას არც ეს ვარიანტი იძლევა. თავის მხრივ, სამხრეთ კორეა ვადაზე ადრე, უკვე მერვედფინალისტია.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ინგლისის ნაკრებზე, რომელსაც ორ ტურში ოთხი ქულა და ბურთების კარგი ეფარდება. შესაბამისად, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ალბიონელები მინიმუმ საუკეთესო ოთხ მესამე ადგილოსანს შორის მოხვდებიან. ისე, ინგლისი ახლოს იყო გვინესი ნაკრების ძლევასთან და იგებდა კიდეც, მაგრამ ცენტრალურმა მცველმა ტომორიმ მეკარეს ბურთი მოედნის ცენტრიდან დაუბრუნა, თუმცა იმის მაგივრად, რომ კიპერს ბურთი მოეგერიებინა, გოლი გავიდა. ასე დაფიქსირდა შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 1:1.
ინგლისი - გვინეა 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კუქი (53), 1:1 ტომორი (59, ა.გ)
სამხრეთ კორეა - არგენტინა 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ლი სეუნგვო (18), 2:0 პაიმ სეუნგო (42, პენ), 2:1 ტორესი (50)
1. | სამხრეთ კორეა | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
2. | ინგლისი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:1 | 4 | |
3. | გვინეა | 2 | 0 | 1 | 1 | 1:4 | 1 | |
4. | არგენტინა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |
B ჯგუფი
ჩინებულ ფორმაშია ვენესუელა - სამხრეთ ამერიკელებმა პირველ ტურში თვით გერმანიას არ დაუტოვეს შანსი და ამჯერად ვანუატუს ნაკრებს გადაურბინეს - ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს - 7:0. შესაბამისად, ვენესუელა ვადაზე ადრე, მერვედფინალისტია.
იგივე მიზანთან ძალზე ახლოსაა მექსიკა, რომელსაც ორ ტურში ოთხი ქულა აქვს. მექსიკელები მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს დაუზავდნენ (0:0). გერმანია კი, ქულით მესამე ადგილზე და ჯერ გოლიც არ გაუტანია. თუმცა, ბოლო ტურში თუ უსუსტეს ვანუატუს დაამარცხებს, ვინძლო მესამე ადგილით პლეი-ოფში გასვლას მაინც მოახერხებს.
ვენესუელა - ვანუატუ 7:0 (2:0)
გოლები: 1:0 ველასკესი (30), 2:0 კორდოვა (42), 3:0 პენარანდა (46), 4:0 ფარინესი (56, პენ), 5:0 კორდოვა (73), 6:0 ურტადო (82), 7:0 სოსა (89)
მექსიკა - გერმანია 0:0 (0:0)
1. | ვენესუელა | 2 | 2 | 0 | 0 | 9:0 | 6 | |
2. | მექსიკა | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
3. | გერმანია | 2 | 0 | 1 | 1 | 0:2 | 1 | |
4. | ვანუატუ | 2 | 0 | 0 | 2 | 2:10 | 0 |
მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩები 24 მაისს განახლდება. ამჯერად, ჯერი C და D ჯგუფებზე მისდგება: ზამბია - ირანი, კოსტა რიკა - პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა - იტალია, ურუგვაი - იაპონია.