კალათბურთი

19:04 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო „რუსთავმა“ მოიპოვა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატი პლეი ოფის ნახევარფინალში ხელმოცარულმა „კაკტუსმა“ და „რუსთავმა“ დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს მედლები გაითამაშეს. „კაკტუსი“ „ქუთაისთან“ 1:3, ხოლო „რუსთავი“ „დინამოსთან“ 0:3 დამარცხდა. რადგან რეგულარულ ჩემპიონატში „კაკტუსი“ მესამე ადგილზე გავიდა, მოედნის უპირატესობაც მას ერგო და ამიტომ ჩატარდა შეხვედრა თბილისში. უაღრესად დაძაბული შეხვედრის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა, რომელიც გამოცდილა „რუსთავმა“ მოიგო 93:85 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. „კაკტუსისთვის“ მეოთხე ადგილი შეიძლება დიდ წარმატებად ჩაითვალოს, რადგან იგი მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც თითქმის მეოთხედის ბოლომდე ლიდერობდნენ. ბოლო წუთებში „კაკტუსმა“ შეძლო უპირატესობის მოპოვება და დროის ეს მონაკვეთი ფრედ 20:20 დასრულდა. „კაკტუსის“ უპირატესობა მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. დაახლოებით წუთ ნახევარში მასპინძლებმა 8-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და 28:20 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ „რუსთავის“ ჯერი დადგა. ახლა „რუსთავმა“ მოაწყო 11-ქულიანი გაქცევა 31:28. ბოლო წუთებში ისევ „რუსთავი“ გააქტიურდა და ტაიმი 6 ქულის სხვაობით 45:39 მოიგო. მესამე მეოთხედიც „კაკტუსის“ უპირატესობით გაგრძელდა. ამ მეოთხედის დასრულებმდე 2 წუთით და 14 წამით ადრე მდევრის როლში მყოფი „რუსთავი“ გუნდის კაპიტანმა რეზო ჩაჩანიძემ სამქულიანით დააწინაურა 61:59. მართალია ეს მეოთხედი „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მთლიანობაში „კაკტუსმა“ მაინც შეძლო უპირატესობის შენარჩუნება 66:65. წინა მეოთხედების მსგავსად ბოლო მეოთხე მეოთხედიც გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. ჯერ „კაკტუსი“ დაწინაურდა, შემდეგ კი „რუსთავმა“ გაათანაბრა. ძირითადი დროის დასრულებამდე სამნახევარი წუთით ადრე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრიგსმა ქვემოქართლელები კიდევ ერთხელ დააწინაურა 76:73. ამის შემდეგ ქვემოქართლელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და მესამე ადგილი დამსახურებულად დაიკავეს. რეგულარული ჩემპიონატიდან გამომდინარე, „რუსთავს“ მესამე ადგილი დამსახურებულად ერგო, რადგან იგი „ქუთაისის“ შემდეგ, ძირითადად მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

ქვემოქართლელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი მაურის ბრიგსმა, ჩარლი ლიმ და რეზო ჩაჩანიძემ შეიტანეს. ბრიგსის ანგარიშზე 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დაფიქსირდა. ეს შედეგი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ლიმ 22 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 17 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასია. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონ ფლოვიესმა აჩვენა, რომელმაც 19 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა „კაკტუსის“ კიდევ ერთი ლეგიონერი ტრე ბურნეთი, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 10 მოხსნაა. ტრადიციულად კარგი შედეგი აჩვენა ბექა ჩიკვილაძემ. ამჯერად მან 15 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

ამჟამად მიმდინარეობს ფინალური სერიის მეორე შეხვედრა, სადაც „დინამო“ „ქუთაისს“ მასპინძლობს. სერიაში ანგარიშია 1:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.

„კაკტუსი“ – „რუსთავი“ 85:93 (20:20, 25:19, 21:26, 19:28)

0.11337