23 მაისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ გათამაშების რეგულარული სეზონის დასკვნით, მე-18 ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა, პლეი-ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილის მფლობელის ვინაობის გარკვევაა - ერთ ვაკანსიაზე პრეტენზიას ერთბაშად სამი (!!!) კლუბი აცხადებს.
სათამაშო დღე, სტარტს ყველაზე „მშვიდი“ შეხვედრით აიღებს, რომელშიც უკვე რეგულარული სეზონის გამარჯვებული და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი, მფკ ტატიშვილი, მფკ აფხაზეთს დაუპირისპირდება. მატჩი 12:00 სთ-ზე დაიწყება.
ამის შემდეგ, გულშემატკივარს გაცილებით პრინციპული დაპირისპირებების ხილვის საშუალება ექნება.
1/2 ფინალში მოსახვედრი შანსის ბოლომდე გამოსაყენებლად, აუცილებლად მოგება ესაჭიროება მფკ თბილისს, რომლის მეტოქეც გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერი მფკ იბსუ იქნება. თუ „სტუდენტების“ ბოლო შეხვედრებს გავიხსენებთ, „დედაქალაქელებს“ იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დაპირისპირებაში მათი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე მეტოქის, ასეთ დროს ეს დამატებითი უპირატესობის წინაპირობაა. შეხვედრა 14:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. მაგრამ, მიუხედავად გამარჯვებისა, შესაძლოა მფკ თბილისი მაინც აღმოჩნდეს პლეი-ოფს მიღმა. ეს ტურის დასკვნით შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული....
იბსუსთან თბილისელთა წარუმატებლობის შემთხვევაში კი, თეორიული შანსი პრაქტიკულადექცევა მფკ დინამო ბათუმს - ამისთვის მათ, უკვე პლეი-ოფში გასული მფკ აგორას დამარცხება მართებთ. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება.
ოღონდ, მფკ თბილისის მსგავსად, დინამო ბათუმის ბედიც რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 18:00 სთ-ზე დაიწყება და რომელშიც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, სტუ-თელასი, რომელსაც უკვე განაღდებული აქვს რეგულარულ სეზონში მეორე ადგილი, მფკ მგლებს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ მგლები შეძლებენ სენსაციის მოხდენას და ფავორიტს დაამარცხებენ, „თბილისურ-ბათუმურ იმედებს ცივი წყალი გადაესხმებათ“ და ბოლო 1/2 ფინალის საგზურიც „მტაცებლებს“ ხვდებათ წილად. გამომდინარე იქედან, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, მგლები ურთიერთ შეხვედრებში „დედაქალაქელებს“ ჩამორჩებიან, ხოლო დინამოსთან უპირატესობა აქვთ, იგივე რეალობა შესაძლოა „ენერგეტიკოსებთან“ ქულების გაყოფის შემთხვევაშიც დადგეს, ოღონდ ამისათვის თბილისმა იბსუსთან ვერ უნდა მოიგოს. მგლებს შანსი მარცხის მიუხედავადაც დარჩებათ, ოღონდ თუ მანამდე იბსუ შეძლებს თბილისის ძლევას, ხოლო აჭარლები აგორასთან ვერ შეძლებენ სამი ქულის მოპოვებას.
ხვალ გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლიაციების ხილვა, ტრადიციულად ვებ-გვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.
23.05.2017.თბილისის ოლიმპიური სასახლე . XVIIIტური
12:00 მფკ აფხაზეთი - მფკ ტატიშვილი
14:00 მფკ თბილისი - მფკ იბსუ
16:00 მფკ დინამო (ბთ) - მფკ აგორა
18:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ მგლები
სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ (იხილეთ ბმული)
ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალიმარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“
მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge