გიორგი მაკარიძე მომავალ სეზონში ისევ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ითამაშებს. მისმა კლუბმა, „მორეირენსემ“ ჩემპიონატის ბოლო ტურში გამარჯვება მოახერხა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. არადა, რომ წაეგო, გავარდებოდა.
„მორეირენსეს“ მეტოქე სერიოზული ჰყავდა - „პორტუ“. „დრაკონებისთვის“ ეს თამაში არსებითად არაფერს წყვეტდა, მაგრამ მაინც გამოსარჩევია, რომ მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და აჯობეს კიდეც - 3:1.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მაკარიძემ - ქართველი 90 წუთი გაისარჯა და 6 სეივით დაასრულა მატჩი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „მორეირენსემ“ „პორტუ“ მეორედ დაამარცხა: პირველად პორტუგალიის ლიგის თასზე, იანვარში. აქვე გეტყვით, რომ წინა ტურში "მორეირენსე" სტუმრად "ბელენენსეშს" დაუზავდა და მოპოვებულ ქულაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა გიორგის - მეორე ტაიმში პენალტი მოიგერია. ამჯერად, უკვე "პორტუსთან" დაიცვა საკუთარი კარი მედგრად...
საბოლოოდ, მაკარიძემ და მისმა გუნდმა 33 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულეს. რაც შეეხება თავად გიორგის, მან პრიმეირა ლიგაში 33 თამაში ჩაატარა. ამასთან, სამჯერ პორტუგალიის ლიგის თასზეც ითამაშა და აღნიშნული თასიც მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიდევ ერთი სტატიის დაწერა იმაზე შეიძლება, რომელი გუნდიც გავარდა - ბოლო ტურებში (და განსაკუთრებით ბოლო ტურში) მაგარი ამბები დატრიალდა