ქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
დღეს, ქართულ საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების როლი და მნიშვნელობა, სამწუხაროდ ძალზედ დაკნინებულია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მხოლოდ სპორტის მასწავლებლების მომზადება–გადამზადება არ კმარა. საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, ახალ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია, ახალგაზრდობის სპორტული აღზრდის გეგმა და სტრატეგია. მსგავსი სტრატეგიით მწვრთნელებსა და სპორტის მასწავლებელებს ზუსტად ეცოდინებოდათ, რა შედეგები სჭირდება ქვეყანას და რა უნდა იყოს ბავშვისათვის მინიმალური სპორტული მონაცემების ზღვარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, სპორტის სწავლებისას ზუსტი და სწორად გათვლილი სტანდარტების დაწესება. საბჭოთა კავშირის დროს, სპორტის მასწავლებლებს განათლების სამინისტროსგან დავალებული ჰქონდათ, საშუალოდ რა მანძილებზე უნდა ერბინათ მოზარდებს, რა მანძილზე უნდა გადამხტარიყვნენ ქვიშაში, რამდენი აზიდვა უნდა გაეკეთებინათ ტურნიკზე და სხვა... ეს იყო ყველაზე მინიმალური ზღვარი, რისი გადალახვაც ნებისმიერ ბავშვს, მცირედი მონდომების შემდეგ შეეძლო კონკრეტულ ასაკში. ახლა ასეთი ნორმები სამწუხაროდ, ბევრმა სპორტის მასწავლებელმა არ იცის და ხშირად ყველაფერი მათ სურვილზეა დამოკიდებული.
თანამედროვე სპორტში, ძალიან გაიზარდა ფიზიკური დატვირთვები, რაც ბევრ სპორტის სპეციალისტს არ მოსწონს. ზოგიერთი ფიზიოთერაპევტი იმასაც კი ამბობს, რომ ასეთი დიდი სპორტული დატვირთვებით ახლანდელ ბავშვებს ჭარმაგ ასაკში შეიძლება გულთან დაკავშირებული დაავადებები განუვითარდეთ. თუმცა, არსებობს სხვა ვარაუდებიც, რომლის მიხედვით, სპორტში ზედმეტი დატვირთვა არ არსებობს და ადამიანის ორგანიზმს რისი ატანაც შეუძლია, იმაზე მეტს, უბრალოდ ისედაც ვერ იგუებს.
ჩვენი ჭაბუკები სასკოლო ასაკში ძალიან კარგად ასპარეზობენ, ბევრ ტიტულსაც იგებენ, მაგრამ მიაღწევენ კრიტიკულ ასაკამდე და 17–18 წლისები, უკვე ვეღარაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ფიზიკური აღზრდის გამო, ჩვენი ბავშვები კონკურენციას ვეღარ უწევენ უცხოელ თანატოლებს, რომლებიც ბავშვობიდანვე მთელი დატვირთვით ემზადებიან და ჭაბუკობისას უკვე დიდ ტალანტებად გვევლინებიან. სწორედ აქედან მოდის ქართველი სპორტსმენის შესახებ წარმოდგენები. უცხოელებმა იციან, რომ ქართველი ტექნიკურია, მაგრამ ფიზიკურად სუსტია და მისი “დაჩაგვრა“ უშუალო შერკინებების დროს (თუნდაც სათამაშო სახეობებში) ყოველთვის შეიძლება. აი ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა!“
ზემოთდასახელებულ პრობლემებს, პირველ რიგში კვლავ სკოლასთან და სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებულ მდგომარეობასთან მივყავართ. როგორც საქართველოს რეალობა გვიჩვენებს, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მოსწავლეების მშობლების ნაწილი, ნაკლებად არის სპორტის სწავლების ხარისხის აწევით დაინტერესებული. როგორც ცნობილია, დღეს სპორტის გაკვეთილებს ძალიან ცოტა ბავშვი ესწრება. ეს ამ საგნის არაპოპულარობით არის განპირობებული.