ფეხბურთი

15:59 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ესპანეთი მეცხრე ცაზე

დასრულდა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ხორვატიაში მიმდინარეობდა და 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ესპანეთმა პენალტების სერიაში მოუგო ინგლისს - ძირითადი დრო 2:2, პენალტებში კი, 4:1.

არადა, რაღა აკლდათ ბრიტანელებს? მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე გაუშვეს გოლი, თორემ 2:1-ს იგებდნენ... იგნასიო დიასის ("ვილიარელის" აკადემია) თავურმა იხსნა ესპანელები და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

ესპანეთი ისტორიაში მეცხრედ გახდა 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი. ამ მხრივ მას ბადალი არ ჰყავს. მეორეზე პორტუგალიაა 6 ტიტულით.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ამინ ჟიური. "ლიონის" ფეხბურთელმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 9 გოლი გაიტანა.

და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები? ჩვენებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დასძლიეს -შარშან შემოდგომაზე სამივე მატჩი წააგეს: შვედეთთან, ბულგარეთთან და ფინეთთან.

0.136892