ესპანური „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი საჯაროდ ადასტურებს, რომ მალე არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. როგორც სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა თქვა, მისი ოცნება „ალბისელესტეს“ გაწვრთნა იყო და ამიტომაც, ამ წინადადებაზე უარის თქმა არ შეუძლია.
„სევილიას“ არგენტინის ნაკრების გამო ვტოვებ. ვაღაირებ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებაა არგენტინის ნაკრებში მუშაობა და ამ წინადადებაზე უარის თქმა არ შემეძლო. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება“, - განაცხადა სამპაოლიმ.
შეგახსენებთ, არგენტინას ბოლოს ედგარდო ბაუსა წვრთნიდა, რომელსაც პოსტის ვადაზე ადრე დატოვება წარუმატებელი შედეგების გამო მოუწია. „ალბისელესტე“ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეხუთე ადგილზე იმყოფება, რაც პირდაპირ ფინალური ეტაპის საგზურის მომტანი არაა.
რაც შეეხება სამპაოლის, მან „სევილია“ გასულ ზაფხულში ჩაიბარა და გუნდი ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. შესაბამისად, „დალაქებს“ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოუწევთ თამაში.