2006 წელს, როდესაც მთელი საფეხბურთო სამყარო მუნდიალის სამზადისში იყო, იტალიაში უდიდესი საფეხბურთო სკანდალი მძვინვარებდა - „კალჩოპოლი“. მაშინ, ამ სკანდალში რამდენიმე იტალიური გუნდი და ათეულობით საფეხბურთო მოღვაწე გაეხვა, მაგრამ არავის ისე მტკივნეული დარტყმა არ მიუღია, როგორც ტურინის „იუვენტუსმა“ - იტალიური ფეხბურთი მეტრმა.
როდესაც, საქმე „იუვეს“ ეხება იქ აზრი თუ გრძნობა ორად იყოფა: ან უყვართ, ან სძულთ - შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. ჰოდა, მაშინ ერთი ნაწილი ბედნიერი იყო, მეორე დამწუხრებული. „იუვენტუსი“ სერია B-ში დააექვეითეს და 30 ქულაც ჩამოაჭრეს, რომელიც შემდეგ ჩვიდმეტამდე შემცირდა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ არავინ იცოდა, როდის და მოახერხებდა კი საერთოდ „ბებერი ქალბატონი“ ჩვეულ ადგილზე დაბრუნებას?
ეს არ იქნებოდა მარტივი - გუნდის სისტემა მთლიანად შეიცვალა, არ შეცვლილა მხოლოდ ფილოსოფია და რამდენიმე ფეხბურთელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა და ლილიან ტურამი ქვედა ლიგაში თამაშმა არ მოხიბლა და აბარგება არჩიეს. სამაგიეროდ, ტურინულ გრანდს უერთგულეს და გასაჭირში არ მიატოვეს პაველ ნედვედმა, დავიდ ტრეზეგემ, მაურო ხერმან კამორანეზიმ, ჯანლუიჯი ბუფონმა და ალესანდრო დელ პიერომ. არადა, სამივეს თავისუფლად შეეძლო სხვაგან გაცილებით მაღალ დონეზე ეთამაშათ და ტიტულებიც მოეგოთ, მაგრამ მათ სწორი გათვლა გააკეთეს - ფეხბურთის სასარგებლოდ.
საინტერესო პასუხი ჰქონდა დელ პიეროს: „როდესაც მე „იუვენტუსი“ მჭირდებოდა, გვერდით დამიდგა, ახლა კი, მე ვჭირდები „იუვენტუსს“, - ამბობდა მაშინ ალექსი. კიდევ ერთი ცნობილი სიტყვებიც იტალიელს უკავშირდება: „ნამდვილი კავალერი არასდროს ტოვებს ქალბატონს“...
ჰოდა, ქალბატონმა ქვედა ლიგაში ითამაშა და მიუხედავად ბევრი სკეპტიკური მოსაზრებისა, ელიტაში დაბრუნება ერთ წელიწადში მოახერხა. აი, აქედან კი, ნელ-ნელა დაიწყო იმ „იუვენტუსის“ დაბრუნება, რომელიც გველეშაპივით გზაზე შემხვედრს შუაზე გლეჯს - საინტერესოა, რომ ტურინული გუნდი ისევ დაბრუნდა ანიელების ოჯახის საკუთრებაში და აგერ 7 წელია ანდრეა ანიელი ამ გუნდს ცივ ნიავს არ აკარებს.
„იუვენტუსი“ ბევრისთვის მაგალითად ჩამოყალიბდა თუ როგორ უნდა აღდგე ფერფლიდან, ისწავლო თავიდან სიარული, სიარული მწვერვალებისკენ და საერთოდ ცხოვრება. ადვილი საქმე სულაც არაა საფეხბურთო კატასტროფიდან 10 წელიწადში მოიგო 11 ტიტული და ორჯერ გახვიდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში?! - თანაც, ამყარო ისტორიული რეკორდები, რომელსაც სხვათა შორის, ძველი „იუვეც“ ვერ ახერხებდა და საფეხბურთო მატიანეში ადგილი თითქმის ყოველ წელს დაიმკვიდრო ახალი მიღწევით.
გვერდს ვერ ავუვლით ტურინელთა პოლიტიკას - და მაინც, როგორ შეძლო ასეთ მცირე დროში ასეთი ტრანსფორმაცია იტალიურმა გუნდმა? - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუნდი ანიელების ლეგენდარულ ოჯახს დაუბრუნდა. იმ ოჯახს, რომელმაც თავის დროზე „იუვენტუსი“ აქცია გუნდად, რომელმაც საფეხბურთო ისტორიას თავისი სახელი აჩუქა. ეს იყო პირველი ნაბიჯი თავიდან დაბადებისკენ, რასაც რა თქმა უნდა, ძირეული ცვლილებები უნდა მოეტანა. „იუვენტუსმა“ ბევრისთვის მოულოდნელად და იტალიური გუნდებიდან პირველმა გადადგა ნაბიჯი ჰქონოდა საკუთარი სტადიონი და არა ვინმესთან გასაყოფი, რომელიც ქალაქის მერიის განკარგულებაში იქნებოდა - 2009 წელს „იუვენტუს სთედიუმის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და სიმბოლურია, რომ ახალმა არენამ ახალი სისხლი გადაუსხა გუნდს - „იუვე“ იქედან მოყოლებული იტალიაში სეზონს უტიტულოდ არ ასრულებს და სახლში განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს. თუმცა, სტადიონის გახსნამდე ანდრეა ანიელიმ ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის მნიშვნელოვანი როლი დააკისრა: ტრანსფერებზე პასუხისმგებლობა - მართალია, ხშირად ახსენებნ მაროტას წარუმატებელ ვაჭრობას (ხორხე მარტინესი, ნიკოლას ანელკა, ნიკლად ბენტნერი, ლუსიო და კიდევ მრავალი სხვა), მაგრამ აბა უშეცდომოდ რომელი გუნდი მუშაობს ბაზარზე? - სამაგიეროდ, სწორედ ამ ორი ადამიანის სახელს უკავშირდება ტრანსფერები, რომლებიც წლები რომ გავა, სამაგალითო იქნება.
ანდრეა პირლო, ანდრეა ბარძალი, პატრის ევრა, პოლ პოგბა, დანი ალვეში, სამი ხედირა - გაგიკვირდებათ და „იუვენტუსს“ ზემოხსენებული ფეხბურთელების სანაცვლოდ 1 მილიონიც კი არ გადაუხდია ჯამში. აი, თუ როგორ გამოაგდა ან ადგებიან ეს მოთამაშეები „იუვენტუსს“ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ეს იყო სწორი გათვლა - გამართლებულ ტრანსფერებს გუნდი უნდა დაებრუნებინა მწვერვალზე, რაც თავისთვად გაზრდიდა შემოსავალს, მეტი თანხა კი, უკვე უფრო მძლავრი ფეხბურთელების დამატებას ნიშნავდა. აგერ, გასულ ზაფხულს „იუვენტუსმა“ გონსალო იგუაინში 90 მილიონი გადაიხადა, ასეთი დიდი თანხა, მეტიც მასთან ახლოს მდგომიც კი, ამ გუნდს არასდროს გაუღია. მერე რა, რომ ბევრის აზრით „პიპიტა“ ამ თანხის ნახევარიც არ ღირს. ფაქტია, ტურინში ეს ნაბიჯი უღირდათ.
ბუნებრივია ახალ პროექტს შესაფერისი წინამძღოლი სჭირდებოდა - მთავარი მწვრთნელი. ამის პირველი კონტურები 2009 წელს გამოჩნდა, როცა "იუვენტუსი" ჩირო ფერარას ჩააბარეს. მარჩელო ლიპის მოსწავლეს და "იუვენტუსის" ლეგენდას, მაგრამ ჩირომ ავანსი ვერ გაამართლა და პოსტის დატოვება მალევე მოუწია. მისი შემცვლელი ჯიჯი დელ ნერი კი, თავიდანვე განწირულ ცხვარს ჰგავდა და ასეც მოხდა - 2011 წლის ზაფხულში, როცა პიემონტელები ახალ სტადიონზე გადადიოდნენ ანტონიო კონტეს დაუძახეს. კაცს, რომელმაც "იუვეს" წლები შეალია, უკაპიტნა და რომელიც, თავისი მებრძოლი ხასიათით იყო ცნობილი. სწორედ ასეთი მოტივატორი, თან "იუვენტინო" სჭირდებოდათ მოცემულ ვითარებაში. სწორედ კონტე გამოდგა ათვლის წერტილი - თავიდან, მისთვის ჩვეული 4-2-4 სქემით ათამაშა გუნდი, მაგრამ მალევე უკეთეს ვარიანტს მიაგნო, რომელსაც სხვათა შორის, "იუვენტუსიც" და კონტეც", უკვე სხავდასხვა გზაზე წარმატებით იყენებენ: 3-5-2. სწორედ ამ სისტემაში შეიქმნა დაცვის კედელი, რომელიც დღეს საუკეთესოდ ითვლება.
2014 წელს კი, სამი სკუდეტოს ფონზე კონტე გუნდიდა წავიდა. მიზეზი? - ტრანსფერებზე შეუთანხმებლობა. "იუვენტუსმა" მასიმილიანო ალეგრის უხმო. კაცს "მილანიდან" და მის მიმართ გულშემატკივრებში არ იყო მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება. თუმცა, კონტესგან განსხვავებული ხასიათისა და საფეხბურთო განსწავლულობის მატარებელმა მაქსმა დაამტკიცა, რომ ნაადრევად ჩამოწერეს. სამი წელი კონტეს მსგავსად და ბევრად უკეთესი შედეგი: 7 ტიტული და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდების ჩამონათვალში დამსახურებული გარევა. ასე, რომ ტურინში მწვრთნელების საკითხიც არ შეშლიათ და რომ იტყვიან, ათიანში მოარტყეს.
ზუსტად 10 წლის წინ გაიფორმა „იუვენტუსმა“ სერია B-დან სერია A-ს საგზური და რა ხდება ათი წლის თავზე? – „იუვენტუსი“ ძალზე ახლოსაა თავის 120 წლიან ისტორიაში პირველად ლეგენდარული ტრიპლეტის შესრულებასთან. შესაძლოა, ბევრისთვის „ბებერი ქალბატონი“ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუტსაიდერია და ეს გარკვეულწილად ბუნებრივიცაა, მაგრამ ფეხბურთში მეტოქის არდაფასება რომ დასჯადია, არაერთხელ გავხდით ამის მომსწრენი. როგორც არ უნდა იყოს, „ბიანკონერი“ არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა ააშენო თავიდან საფეხბურთო გველეშაპი.
სხვათა შორის, დღეს ბევრი იტალიური გუნდი ცდილობს იგივე გზაზე გავლას - აგერ, „რომა“ დიდი ხანია ლამობს ახალი სტადიონი ააშენოს, რომელიც სრულად მის მფლობელობაში იქნება. იგივეს გაკეთებას „ფიორენტინაც“ აპირებს. შორს არ წავალ და იქვე, მილანური გუნდების გასაჭირზეც ჩამოვაგდებ სიტყვას - იტალიური და ევროპული ფეხბურთი მართლაც გაუფერულდა „მილანისა“ და „ინტერის“ გარეშე, მაგრამ მათაც შეუძლიათ ისეთი გზის გავლა, რაც „იუვენტუსმა“ შეძლო. სხვათა შორის, „ბებერ სინიორასაც“ ჰქონდა პერიოდი, როცა მეშვიდე ადგილს თავს ვერ აღწევდა და ახლა ანალოგიურ მდგომარეობაში მილანური ბობოლები არიან. ჰოდა, ზოგჯერ, სხვის შეცდომებზე სწავლა ცუდია არაა და მათაც აქვთ შანსი აღმოცენდნენ საკუთარი ფერფლიდან...