კალათბურთი

19:19 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" ახალგაზრდულ ევროლიგაში "რეალი" დაამარცხა

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ტურნირში, რომელიც სტამბოლში, ევროლიგის ოთხთა ფინალის პარალელურად იმართება, ქართველი ცენტრის სერბულმა გუნდმა შესანიშნავი სტარტი აიღო.

კლასიკური ევროლიგის ოთხთა ფინალისგან განსხვავებით, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდმა მოიყარა თავი:

A ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, „ბარსელონა“, „პარიზი“.

B ჯგუფი: ბელგრადის „მეგა ბიმაქსი“, მადრიდის „რეალი“, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“, კაუნასის „ჟალგირისი“.

დიდების ევროლიგის ოთხთა ფინალი, რომელშიც ცსკა „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო „ფენერბაჰჩე“ „რეალს“, სტარტს 19 მაისს აიღებს. 18-წლამდელთა ევროლიგის მონაწილენი კი ჯერ ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, შემდეგ ოთხთა ფინალს ითამაშებენ.

პირველ ტურში ბითაძის გუნდმა „რეალი“ იმსხვერპლა - 75:65. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 26:40 წუთი გაატარა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საბოლოოდ ბითაძის ანგარიშზე 7 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. მას პასივში საკმაოდ ბევრი - 6 დაკარგვა ჰქონდა. ბელგრადელებს ნიკოლა მიშკოვიჩმა 20 ქულით, 10 მოხსნით, 5 პასითა და 4 ჩაჭრით ულიდერა. 13 ქულა მიითვალა იგორ დრობნიაკმა.

A ჯგუფის მატჩში ცსკა-მ „ცრვენა ზვეზდას“ 84:80 მოუგო, ხოლო „პარიზმა“ „ბარსელონას“ 85:66 სძლია.

gbf.ge

0.121703