რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" "ურალს" ეკატენინბურგში 2:1 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ტრადიციულად, "რკინიგზელთა" ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა სოლომონ კვირკველია, რომელმაც 78-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა, ავტოგოლით.
ამ გოლში ჩვენებურის დადანაშაულება ძნელია: ზუგდიდის "ბაიასა" ყოფილი ნახევარმცველის ჩისამბა ლუნგუს დარტყმული ბურთი კვირკველიას მოხვდა და კარში შევარდა. ავტოგოლის მიუხედავად, ქართველმა მაღალი შეფასება მიიღო. მაგალითად, Championat.com-მა მისი თამაში 8 ქულით შეაფასა.
"ურალის" რიგებში ტრავმების გამო არ უთამაშიათ ჯემალ ტაბიძესა და გიორგი ჭანტურიას. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ორი კვირის წინ, რუსეთის თასის ფინალში შეხვდნენ და მაშინაც "ლოკომოტივმა" მოიგო (2:0). შესაბამისად, იური სიომინის გუნდს ევროპა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.