ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა მზადაა კლუბის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი შესთავაზოს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. მხარეები მოლაპარაკებას 27 მაისს გასამართი ინგლისის თასის ფინალის შემდეგ დაიწყებენ.
იმ შემთხვევაში თუ იტალიელი სპეციალისტი ახალ კონტრაქტს დათანხმდება და 7.5 მილიონზე მეტს მიიღეს, კლუბის ყველა დროის მაღალანაზღაურებადი თავკაცი გახდება. 2015 წელს პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ 7.5 მილიონი მიიღო.
მიმდინარე სეზონში კონტეს ხელმძღვანელობით "ჩელსი" ერთი ტურით ადრე გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ახლა უკვე 27 მაისს "არსენალის" დამარცხებით ინგლისის თასის მოპოვება სურს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ზაფხულში ტრანსფერებისთვის 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.