გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა. ესპანური Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება და ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება. შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ტერ შტეგენი კატალონიურ კლუბში 2014-2015 წლების სეზონის წინ “გლადბახიდან” გადავიდა. კლაუდიო ბრავოსთან კონკურენციის გამო ერთი პერიოდი კლუბის შეცვლასაც აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრავომ გასულ ზაფხულს “მანჩესტერ სიტის” მიაშურა, ტერ შტეგენის წასვლის საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა.
25 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” კარი ლა ლიგის 34 მატჩში დაიცვა. გარდა ამისა, ესპანეთის თასის ერთ და ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.