არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ედგარდო ბაუსა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 59 წლის არგენტინელ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ახალ სამუშაო ადგილზე ბაუსას უმთავრეს მიზნად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება დაუსახეს, რისი ვერშესრულების საფრთხის გამოც ის გასულ თვეში არგენტინის ნაკრებიდან დაითხოვეს.
მუნდიალის შესარჩევ B ჯგუფში საამიროების ნაკრები 6 გუნდს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება და ოთხი ქულა აშორებს მესამე ადგილს, რომელიც გადათამაშებაში მოხვედრის შანსს იძლევა.
არგენტინელი მწვრთნელის დებიუტი 13 ივნისს ჯგუფის აუტსაიდერ ტაილანდის ნაკრებთან სტუმრად გასამართ მატჩში შედგება.