საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი აუტში მოასპარეზე გუნდები, დღეს, პირველი წრის მესამე ტურის შეხვედრებს ატარებენ.
სარბიელზე პირველები ლიდერი „სოხუმი“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „ბათუმი“ გავიდნენ, თამაშს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. „სოხუმმა“ 95:85 შეძლო მეტოქის დამარცხება და „ბათუმს“ სამი ქულით გადაასწრო. რადგან ურთიერთშეხვედრებში „სოხუმს“„ბათუმთან“ დადებითი ბალანსი აქვს და პლეი აუტის დასრულებამდე სამი ტური დარჩა, „სოხუმმა“ მეორე წრეში ყველა შეხვედრა რომც წააგოს და „ბათუმმა“ ყველა შეხვედრა მოიგოს, „სოხუმს“ ვეღარ გადაასწრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სოხუმმა“ დღევანდელი მოგებით სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
„სოხუმმა“ პირველი მეოთხედი ორი ქულის სხვაობით 28:26 მოიგო. ამის შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და სამი მეოთხედის შემდეგ 20 ქულის სხვაობით 81:61 დაწინაურდნენ. ბოლო მეოთხედში „სოხუმმა“ თავს მოდუნების უფლება მისცა. ამით ისარგებლა „ბათუმმა“ და ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე შეამცირა.
სოხუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი მძიმე ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლოაბში ყველაზე მეტი 21 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ბარბაქაძემ 9-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. ასევე კარგად ისროლა სამქულიანები მისმა თანაგუნდელმა კოკა ტომარაძემ, რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში კი 14 ქულა გააკეთა. სტუმართა გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი უკრაინელი ლეგიონერი იგორ კრივცოვი იყო, რომელმაც 16 ქულითა და 11 მოხსნით თანაგუნდელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და ამ შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
სოხუმი - ბათუმი 95:85 (28:26, 27:11, 26:19, 14:24)