ფეხბურთი

1:20 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კარდიფშია (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსი“ - უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პირველი ფინალისტია. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „იუვემ“ ერთი კვირის წინ, მონაკოში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და საქმე ბოლომდე, მშვიდად მიიყვანა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეორე შეხვედრაშიც აჯობა მეტოქეს მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა სულაც არ ყოფილა. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა - მარიო მანჯუკიჩმა და დანი ალვეშმა ორჯერ დალაშქრეს სტუმართა კარი. პირველისა არ იყოს, კვლავ საოცარი თამაში ჩაატარა ალვეშმა - ბრაზილიელმა განაპირა მცველმა „ლუი II”-ზე გაკეთებულ ორ საგოლე პასს, ტურინში ერთი და კიდევ ლამაზი გოლი გაუტანა. მოკლედ, 34 წლის ფეხბურთელის გენიალურმა თამაშმა დიდწილად, გადაწყვიტა კიდეც ნახევარფინალის ბედი.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ პირველ 45 წუთში „ბებერი ქალბატონი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და შესვენებაზე უფრო დიდი სხვაობით დაწინაურებული რომ არ გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ ხორვატი მეკარის, შუბაშიჩის დამსახურებაა, რომელმაც არაერთი ფანტასტიკური სეივი შემოგვთავაზა. საპასუხოდ კი, ლეონარდო ჟარდიმის გუნდს ტურინელთა კართან ღირებულის შექმნა უჭირდა და პრინციპში არ შეუქმნია: კარშ პირველად 67-ე წუთზე დაარტყა, ხოლო ამ ეპიზოდიდან ორ წუთში პრესტიჟის გოლიც გავიდა. ვინ თუ არა, კილიან მბაპე! 18 წლის შემტევმა პლეი-ოფის 6 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც ფენომენალური შედეგია. აღსანიშნავია, რომ ამ გოლს მატჩის ბედზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ „იუვენტუსის“ მშრალი სერია კი დაასრულა. სერია, რომელიც 690 წუთს გაგრძელდა და ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე შედეგია. პირველზე ისევ „არსენალის“ მიღწევაა 2005-2006 წლების სეზონიდან - 995 წუთი. თავის მხრივ „იუვემ“ „ჩელსი“ და „მილანი“ მოიტოვა უკან. რაც შეეხება ბუფონს მას მიჯრით 600 წუთი (ხსენებულ პერიოდში ერთი შეხვედრა სათადარიგო მეკარე, ნეტომ ჩაატარა) დაუგროვდა უგოლოდ და ტოპ ხუთეულში შევიდა, თუმცა წინ კიდევ ოთხი მეკარეა: ნელსონ დიდა (623 წუთი), ედვინ ვან დერ საარი (658), კეილორ ნავასი (737) და იენს ლემანი (853). საერთოდ, "იუვემ" რეკორდები მრავლად დაამყარა. მაგალითად გახდა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ევროთასებზე 250 შეხვედრის გამართვა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ ფინალში ისე გავიდა, ჯერ არ წაუგია: 12 თამაში, 9 მოგება და 3 ფრე. ასეთი რამ კი, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ ისტორიაში პირველად მოხდა - ანუ, „ბებერი ქალბატონი“ ფინალში დაუმარცხებელი პირველად გავიდა. საერთოდ, კი, ტურინულმა გრანდმა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას ბოლო სამ სეზონში მეორედ უწია. ფინალი კი, 3 ივნის, კარდიფში, „მილენიუმზე“ გაიმართება. მეტოქე? - ამას ხვალ გავიგებთ: „რეალი“ ან „ატლეტიკო“.

„იუვენტუსი“ – „მონაკო“ 2:1 (2:0) VIDEO

ტურინი, „იუვენტუს სთედიუმი“

მაყურებელი: 40 244

„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ბუფონი; ბარძალი (ბენატია 85), ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, პიანიჩი, ხედირა (მარკიზიო 10), ალექს სანდრო; დიბალა (კუადრადო 54), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მონაკო“ (4-4-2): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე; მენდი (ფაბინიო 54), ბაკაიოკო (ჟერმენი 78), მოუტინიო, ბერნარდო სილვა (ლემარი 69); ფალკაო, მბაპე

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (33), 2:0 დანი ალვეში (44), 2:1 მბაპე (69)

გაფრთხილება: ბონუჩი (73), მანჯუკიჩი (90) - ფალკაო (40), მენდი (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 11 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

0.765837