ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური "მიხეილ მესხზე" გაიხსნა, სადაც ფოთის "კოლხეთმა" 2:1 სძლია "საბურთალოს". გელა სანაიას გუნდს 1 აპრილის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. იქიდან მოყოლებული, ექვსი მატჩი ჩაატარა და აი, მეშვიდე ჯერზე იმარჯვა.
"საბურთალოს" არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, განსაკუთრებით კი ნახევარდაცვას დაეტყო დანაკლისი. არ იყვნენ ზურაბ არზიანი, ვაგნერი და გიორგი ხარაიშვილი.
და მაინც, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაწინაურდა. ფოთელთა დაცვა ჩავარდა, გოგი ფიფიას ბურთი ვერაფრით წაართვეს, საბურთალოელთა შემტევმაც მეკარესთან ახლოს მდგომ გიორგი ფანცულაიას გაუკეთა პასი და მავაც ზუსტად დაარტყა - 1:0.
ისე, მეორე გოლის გატანა თავისუფლად შეეძლოთ მასპინძლებს, მაგრამ ერთ მომენტში მეკარე სიკაჩმა ითამაშა კარგად, მერე კი ელვინ ტერამ ახლოდან ააცილა... ეს მომენტები ერთწუთიან მონაკვეთში ვიხილეთ. სამაგიეროდ, სტუმრებმა შეირგეს საჩუქარი: ნიკოლოზ მალიმ ფლანგიდან მეკარე ლაზარე კუპატაძეს დაუბრუნა ბურთი, მაგრამ უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა დაასწრო კუპატაძეს და 1:1.
ორ წუთში სენეგალელმა დაფემ დაიწყო კონტრშეტევა და თავადვე უნდა დაესრულებინა, მაგრამ დავით ბოლქვაძის პასს ახლოდან არაზუსტი დარტყმა მიაყოლა. დაფეს გასაკეთებელი ისევ კოვტალიუკმა გააკეთა: ლევან კაკულიას მშვენიერი პასის შემდეგ, ახლოდან ზუსტად დაარტყა - 1:2.
"საბურთალო" ბევრს ეცადა და კიდევ ჰქონდა შანსები, თუმცა შტურმი მაინც ვერ მოახერხა. ყველაზე რეალური მომენტი შეცვლაზე შესულ ლაშა შინდაგორიძეს შეექმნა ზედ საფინალო სასტვენის წინ. ოდნავ ააცილა "საბურთალოს" თავდამსხმელმა.
მანამდე "კოლხეთი" ათი კაცით დარჩა, რადგან ავთო ენდელაძე გააძევეს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის. კოხრეიძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მასპინძელთა შორის.
"კოლხეთს" 10 ქულა გაუხდა და ისევ ბოლოსწინა ადგილზეა, "საბურთალო" კი მეხუთეზე დარჩა.
საბურთალო - კოლხეთი 1:2 (1:0)
საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა (ჩოგაძე 70), ალთუნაშვილი, კოხრეიძე, ფიფია (შინდაგორიძე 60), ფანცულაია (გვარაძე 66)
კოლხეთი: სიკაჩი, გ.კილასონია, ვ.კილასონია, გოგონაია (ენდელაძე 58), კერძევაძე, კაკულია, ბოლქვაძე (ბუხაიძე 84), ჯანელიძე, დაფე, კორობკა (ლუკავა 78), კოვტალიუკი
გოლები: 1:0 ფანცულაია (35), 1:1 კოვტალიუკი (54), 1:2 კოვტალიუკი (64)
გაფრთხილება: კოვტალიუკი, სიკაჩი
გაძევება: ენდელაძე (90)
მსაჯი: ნონიკაშვილი