ჭიდაობა

10:39 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეების წარმატება ყაზახურ ხალიჩაზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ყაზახეთში ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ალმათში, ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაკსილკა უშკემპიროვის სახელობის შეჯიბრებაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც ჩაება და 6 მედალი მოიპოვა.

8 წონითი კატეგორიიდან 3-ში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. ჩემპიონები გახდნენ - ბექა მამუკაშვილი (74 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). გიორგი კურტანიძე (66 კგ) ფინალში დამარცხდა. გიორგი გუჯაბიძემ (66 კგ) და საბა ბუხრიკიძემ (96 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტურნირზე სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე შედეგი აჩვენა.

კონკურენციაში სულ 7 ქვეყნის: ყაზახეთის, საქართველოს, რუსეთის, უზბეკეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ნაკრებები ჩაერთნენ.

0.230634