კალათბურთი

20:12 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კომენტარები კენჭისყრის შემდეგ: საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ყველა გუნდთან შეუძლია წარმატებაზე ფიქრი

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამართვა, წინა წლებისაგან განსხვავებული სისტემით აქვს დაგეგმილი.

უკვე ჩატარდა კენჭისყრა და გუნდები სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდნენ. საქართველო ევროპის ზონის G ჯგუფში მოხვდა სერბეთისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებთან ერთად. რაც შეეხება ჯგუფის მეოთხე წევრს, მისი ვინაობა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან სამი გუნდი გადის.

Worldsport.ge კალათბურთის რამდენიმე სპეციალისტს დაუკავშირდა და კომენტარის გაკება სთხოვა:

კოტე ტუღუში (საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ასისტენტი, საკალათბურთო კლუბ ,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი.)

- ჩემპიონატის ჩატარების ახალ სისტემაზე რას გვეტყვით?

- ჩახლართული სისტემაა და ტურნირის მონაწილე გუნდებს ბევრ პრობლემას შეუქმნის.

-კონკრეტულად რა პრობლემებს გულისხმობთ?

-გამორიცხულია NBA-ს კლუბებმა სეზონის მსვლელობის დროს კალათბურთელები ნაკრებისთვის გაათავისუფლონ. NBA-ს კალათბურთელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებსაც ექნებათ გუნდიდან გათავისუფლების პრობლემა, რადგან შესარჩევი ტურნირი მთელ სეზონზეა გაწელილი.

- როგორ აფასებთ შესარჩევ ტურნირზე ჩვენი ჩვენი ნაკრების შანსს?

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ადრეა, რადგან მანამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ თუ არავინ გამოგვაკლდა, მოგებაზე თამაში ყველა გუნდთან შეიძლება.

ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი, საკალათბურთო კლუბ ,,დელტას’’ სპორტული დირექტორი):

„ჩემი აზრით, ამ სისტემის შემოღებით ფიბამ (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სისტემიდან გამომდინარე, გუნდებს მეტი შანსი აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური რომ მოიპოვონ. რაც შეეხება G ჯგუფს, თუ ყველა კალათბურთელის შეკრება მოხერხდა, საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.

ნუგზარ ჭეიშვილი (ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის’’ დირექტორი)

-თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი დაიკავოს?

-სერბეთს ერთხელ შევხვდით და მოვუგეთ. რატომ არ შეიძლება, რომ კიდევ მოვუგოთ? თუ ჩვენი ბიჭებიდან ყველა ფორმაში იქნება, პირველ ადგილზე გასვლა სულაც არ გამიკვირდება.

0.125467